"ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ეკა ხერხეულიძე რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
როგორც ხერხეულიძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით უცვლელია და ის შიმშილობას აგრძელებს.
"დღევანდელი ვიზიტის შემდეგ მე ვეღარ ვიტყვი, რომ ის ჯანმრთელად არის სრულად, მას ვიზუალურადაც ეტყობა, რომ სერიოზული სისუსტე აღენიშნება. რა თქმა უნდა, ეს უკვე არის საგანგაშო. მისი პოზიცია უცვლელია შიმშილობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ხერხეულიძემ.
მან, ასევე, განაცხადა, რომ სააკაშვილი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით იგივენაირად ფიქრობს, რა პოზიციაც გუშინ დააფიქსირა.
“რაც შეეხება მის პოზიციებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით ის იგივენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი მისი პოზიცია არის სწორი, რომ “ნაციონალურმა მოძრაობის” ფრაქციამ მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება რომ დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს, ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ მე მაქვს დეპუტატის მანდატი. ეს შესაძლებლობა მთლიანაც კვდება და ის ხედავს ძალიან დიდ რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის, ასევე მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ გადასატანი გვაქვს ეს დღეები. აქედან გამომდინარე, ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო და არც საკომიტეტო მუშაობაში აღარ მივიღებთ მონაწილეობას, ეს ასე იქნება. სააკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა “ლელოს” ფრაქციას, ვინაიდან მან მოისმინა დილით გაჟღერებული პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯები იმასთან მიმართებაში რასაც ხელისუფლება ჩადის.
ასე რომ კიდევ დავკონკრეტდები და გავიმეორებ, რომ სააკაშვილი არის იმავე პოზიციაზე ბოიკოტთან მიმართებაში, მაგრამ ეს ორი ფაქტორი, რომელიც ეგზისტენციალური ფაქტორია, მიმდინარე პერიპეტიების განმავლობაში, არის დასაკმაყოფილებელი და ის თვლის, რომ სანამ საკონსტიტუციო კენჭისყრა არ იქნება, მანამდე თავი შეგვეკავებინა მანდატების დატოვებაზე”, - განაცხადა ხერხეულიძემ.