პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს მასაჟის დაწესებულებაში არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის, არამედ დაწესებულებაში მყოფი ყველა პირის მკვლელობა სურდა.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, რითაც ვაჩე ცაკაშვილმა ტაილანდის მოქალაქე მოკლა.
გიორგი ქობულაძის თქმით, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ბრალდებული ვაჩე ცაკაშვილი და მოკლული ერთმანეთს არ იცნობდნენ.
“ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მას უბრალოდ,უნდოდა ნებისმიერი იმ პირის მკვლელობა, ვინც დაწესებულებაში იმყოფებოდა კონკრეტულ დღეს და უბრალოდ, პირველი ვინც შეხვდა ეს იყო გარდაცვლილი და მიაყენა მას დაზიანებები. ცაკაშვილი ნამყოფი იყო ამ დაწესებულებაში და ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ განეხორციელებინა მსგავსი ქმედებები. სწორედ ამ მიზნით მივიდა კონკრეტულ დღეს შემთხვევის ადგილას. გამოძიების მასალების მიხედვით მისი სურვილი იყო ყველა იქ მყოფი პირის მკვლელობა. რაც მოახერხა ეს იყო პირველივე მათგანი მოკვლა, ვინც კარები გააღო. ასევე, კიდევ ერთ პირს დაარტყა დანა, დანარჩენებმა მოახერხეს მისი წინააღმდეგობის გაწევა”, - აცხადებს პროკურორი გიორგი ქობულაძე და განმარტავს, რომ ამის თქმის საფუძველს ბრალდებული ქცევა იძლევა.
“ანუ, იღება კარები და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი რაიმე საუბრის, შელაპარაკების გარეშე ბრალდებული იწყებს თავდასხმას. თავს ესხმის სწორედ იმ პირს, ვინც კარები გააღო, რომელიც მის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. შემდეგ, ასევე დანის გამოყენებით ცდილობს დაზიანებები მიაყენოს სხვა პირებსაც. ანუ, ობიექტური რეალობაა იმგვარი, რომ მას სურდა ყველა იქ მყოფისთვის სიცოცხლის მოსპობა”, - განაცხადა ქობულაძემ.
პროკურორის თქმით, ბრალდებული ობიექტზე რამდენიმე თვის წინ იყო, შემდეგ კვლავ ბრუნდება განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
"ამ ეტაპზე, რაც არის დადგენილი ირკვევა, რომ ვაჩე ცაკაშვილი მასაჟის ობიექტზე წარსულში მინიმუმ ერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ ამოღებულია დაწესებულების ვიდეო - ჩამწერი და შესწავლის შემდეგ გაირკვევა, რეალურად რამდენჯერ იყო დაწესებულებაში”, - განაცხადა პროკურორმა.