ავტორი:

სამკურნალო მინერალური წყალი და ულამაზესი ბუნება - იქცევა თუ არა კურორტი სქური წალენჯიხაში გადასახლების მსურველ ბინზესმენთა ინტერესის სამიზნედ?

სამკურნალო მინერალური წყალი და ულამაზესი ბუნება - იქცევა თუ არა კურორტი სქური წალენჯიხაში გადასახლების მსურველ ბინზესმენთა ინტერესის სამიზნედ?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, გიორგი ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ, რაიონის მიმართ ინტერესი აშკარად მნიშნველოვნად გაიზარდა. იქ გადასახლება დააანონსა პარტია "ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მან წალენჯიხაში გადასახლების გეგმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე გაახმაურა და ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ. მალევე ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თემურ ჭყონიაც მიჰყვება. "დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა - "მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ", - დაწერა ხაზარაძემ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

  • რა ვიცით წალენჯიხაზე?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს, მისი ფართობია 64 715 ჰა. ადმინისტრაციული ცენტრი კი წალენჯიხაა, რომელსაც ქალაქის სტატუსი 1964 წელს მიენიჭა. მუნციპალიტეტში შედის კიდევ ერთი ქალაქი - ჯვარი და 14 სოფელი.

მანძილი თბილისამდე - 350 კილომეტრია, ზუგდიდამდე კი - 22 კილომეტრი.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, წალენჯიხაში 23 296 ადამიანი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 0.6%-ია.

2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რაიონში მცხოვრებთა 33.3% საარსებო შემწეობას იღებს.

მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი ბუნება ტურიზმის განვითარებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის. არაერთი ულამაზესი ადგილი თუ ღირსშესანიშნაობა წალენჯიხას განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს. ამჯერად გვსურს მოგითხროთ კურორტ სქურზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ინვესტირების შემთხვევაში სერიოზული პერსპექტივა შეიძლება გაუჩნდეს.

  • კურორტ სქურის წარსული და სამომავლო პერსპექტივები

ქალაქ წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს ბალნეო-კლიმატური კურორტი სქური, რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით და ისტორიული ძეგლებით.

როგორც ირკვევა, სახელწოდება სქური ნიშნავს ტყიან ხეობას. ის ეგრისის ქედის განშტოებებით, თარზენით და ბოგაშით არის შემოსაზღვრული. კურორტის ტერიტორიას უძველეს დროში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონია.

სქურის ტერიტორიაზე მდინარე ჭანისწყალს, მრავალი შენაკადი ერთვის: ნოლიმერი, კიკონია, სქურისწყალი, გარამელა, აბანოს ღელე, ლებიავახაში და სხვ. თითოეულ მათგანს ულამაზესი ხეობა აქვს. ჭანისწყალზე აგებულია მცირე ჰესი სქურ-ჰესი, რომელიც 1958 წლიდან დღემდე მოქმედებს. სქურის მიდამოები აგრეთვე მდიდარია ისტორიული ძეგლებით, მათ შორის: აღსანიშნავია სქურის ეკლესია, სქურის ციხე, ზურგიანი კოშკი, ნაეკლესიარი მთავარანგელოზი, დარბაზული ეკლესიის ნანგრევი და ა.შ.

კურორტ სქურში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის სიუხვეა, რაც განპირობებულია მთისა და ზღვის შეზავებული ჰაერით.

სქურის ერთ-ერთი ღირებულება მინერალური წყალია, რომლის შესწავლა 1915 წლიდან დაიწყო, 1920 წელს კი მან უკვე სამკურნალო სტატუსი შეიძინა.

მოგვიანებით დაარსდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან და კუთხიდან ჩამოსული ადამიანები გადიოდნენ მკურნალობას (წყლის მინერალიზაცია 1.7, იონები მგ. ეკვივალენტში c173s0421).

სქურის წყალი, როგორც სამკურნალო მინერალური წყალი, დადასტურებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ნოემბრის ბრძანებითაც. საბადო დაკავშირებულია შუა და ზედაიურულ, ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან, წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუა იურული ბაიოსურის ვულკანოგენური ქანებიდან.

"სქურის წყალს“ არაერთი დაავადების განკურნვა შეუძლია, მათ შორის:

  • საჭმლის მომნელებელ ორგანოთა; საყრდენ სამოძრაო აპარატისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემათა დაავადებები
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები
  • საყლაპავი მილის ანთებები
  • კუჭის დაავადებები - ქრონიკული გასტრიტი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • კოლიტი და ენტეროკოლიტი
  • ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები
  • ჰეპატიტი
  • ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადება
  • პანკრეატიტი
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები
  • რევმატოიდული პოლიართრიტი

სამწუხაროდ, დღეს ვერ ხერხდება მინერალური წყლის ჩამოსხმა, თუმცა, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდიდან ვიგებთ, ადრე სამკურნალო წყალს ადგილზე ასხამდნენ და გასაყიდად გაჰქონდათ, როგორც ადილობრივ, ისე სხვა ქვეყნის ბაზარზე.

დღესდღეობით კი ეს საკითხი პრობლემურია, აღნიშნულის მოსაგვარებლად კი მნიშვნელოვანია ინვესტორების დაინტერესება. თუ ხაზარაძის ინიციატივა ინიციატივად არ დარჩა და ბიზნესმენთა ნაწილმა მართლაც გადაწყვიტა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აღორძინებაში ინვესტიციების ჩადება, წესით, კურორტი სქური მათი ინტერესის უპირველეს სამიზნედ უნდა იქცეს...

  • სტატიაში გამოყენებულია "ფეისბუქგვერდზე" "კურორტი სქური" გამოქვეყნებული ფოტოები