თბილისის უკვე მეორედ არჩეულმა მერმა კახი კალაძემ გუშინ მხარდამჭერები წვეულებაზე დაპატიჟა და მათ გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. ხალხმრავალ წვეულებაზე, როგორც ეს ადგილიდან გავრცელებულ ლაივვიდეოში ჩანს, კალაძემ შეკრებილებს მიმართა და უთხრა: "ეს არ არის მხოლოდ ჩემი და ჩემი პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, ეს არის ამ ქალაქის გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება...“
კახი კალაძის წვეულებაზე მიმავალმა დალი ჩიტალაძემ "ინსტაგრამის" სთორიში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ მიდიან მელიქიშვილის გამზირზე დალი ჩიტალაძე, ნინო ნადირაძე, დიზაინერი ნანა შუკვანი, რომელიც დებ კვიციანების დედაა, მოდელი კრისტი ყიფშიძე და ია ფარულავა...
"ჩვენ მივდივართ კახის "ტუსოვკაზე...“ - ამბობს ია ფარულავა, რამდენიმე წამში კი დასძენს, - არავინ დაიჯეროს, რეალურად კახის სტუმრები მე კი არა, ნინო და დალი არიანო.
"მე და დალი მართლა მივდივართ", - ამბობს ნინო ნადირაძე ვიდეოში.
ვიდეო და ფოტოკადრებიდან ჩანს, რომ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ: თამარ ივერი, დავით ოქიტაშვილი, თემურ თათარაშვილი, ქეთი დოლიძე, აჩი მეფარიძე... დეტალების დასაზუსტებლად ambebi.ge თემურ თათარაშვილს დაუკავშირდა, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"კი ბატონო ვიყავი, კახიმ თავად გადაგვიხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, მეტი ისეთი არაფერი ყოფილა. თბილისის მოყვარული ხალხი ესწრებოდა საღამოს".
დათო ოქიტაშვილი ambebi.ge-სთან ს ამბობს, რომ საღამოზე საინტერესო თემებზე ისაუბრეს.
"კახიმ მადლობა გადაიხადა თანადგომისთვის. საზოგადოებას ჩაგვაბარა ანგარიში, თუ რას აპირებს. ჩვენც აღვუთქვით, რომ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. მისი სიტყვები იყო, - დადგა დრო შერიგების, ერთად მოვუაროთ თბილისსო. ამ ქვეყანაში ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ წაგებულმაც და მოგებულმაც ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ.
საღამოზე ბევრი სტუმარი იყო, ერთს გეტყვით - ნონა გაფრინდაშვილი, ამით ყველაფერია ნათქვამი. დაახლოებით 100-150 ადამიანი შევიკრიბეთ.
ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ეს ძალიან ცივილური ფორმაა, რომ ადამიანი იხდის მადლობას. ჩემი განწყობის მიუხედავად, ოპოზიციასაც ვეტყვი, დავლაგდეთ, შევრიგდეთ, ერთად ვაშენოთ მომავალი. როდესაც ამას ვამბობთ, დაგვცინიან მათი მხარდამჭერები, - თქვენთან როგორ შეიძლება შერიგებაო. მე არავისი ციხეში ყოფნა არ მიხარია და არც ცუდად ყოფნა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს გახლეჩვა.
ყველას, მინდა, მოვუწოდო, რომ რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, გადავდოთ წყენა. ალბათ ფიქრობთ, რა ამოჩემება აქვს ამ ოქიტაშვილს "ნაციონალებისო", ჩემ ოჯახზე და ჩემ თავზე გადაიარა მათი მმართველობის სიმძიმემ, ჩემი 12 წლის ქალიშვილით მემუქრებოდნენ, მე თავად ავტოფარეხში მეზობელმა შემთხვევით მიპოვა, უფალმა გადამარჩინა.
ვიცი, ეს ვინც გამიკეთა, მაგრამ არასოდეს ვიტყვი, მის სახელს, რათა მის შვილებს არ შერცხვეთ. მინდა, დიდი მადლობა კახას გადავუხადო, როდესაც ადამიანი მადლიერია, ძალიან კარგია, თუ ოპოზიცია დამიძახებს, მათთანაც სიამოვნებით მივალ და მოვუსმენ".