საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა და უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს.
დავით ნარმანიამ ისაუბრა 2020 წელს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევებზე, COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულ გავლენაზე, კომპანიების მიერ მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულებაზე, მომსახურების გამარტივების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, სადავო საკითხების გადაწყვეტის მაჩვენებლებსა და საერთაშორისო პროექტებში კომისიის ჩართულობის შედეგებზე.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და ამ კუთხით, სემეკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე: „უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელი იყო რეფორმირების პირველი წელი, რომელიც ელექტროენერგიის ბაზრის სრულ მოდერნიზებას მოიცავდა. პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობაში, კომისიის მიერ მომხმარებლებისა და ენერგეტიკის სექტორის მონაწილეებს შორის ბალანსის დაცვა უფრო დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთანავე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა. მან ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე.
სემეკისა და ენერგოომბუდსმენის ანგარიშებს დადებითი შეფასება მიეცათ.
NS