ავტორი:

ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს - "მისი შიმშილობა ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას"

ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს - "მისი შიმშილობა ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას"

"ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ამის შესახებ "დროას" წევრმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა სიტუაციას ამწვავებს.

"ჩემი განცხადება შეესაბამება ელენე ხოშტარიას პოზიციას. იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გატაცება, როდესაც ამის შესახებ არ იცოდნენ არც მისმა ოჯახის წევრებმა, არც სახალხო დამცველმა და არც არავინ, ეს არ ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას. არ არის გადადგმული ქვეყნის დამშვიდებისკენ და პირიქით, კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

ელენეს შიმშილობა ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. აქამდე გლდანის ჰოსპიტალზე მოსმენილი გვქონდა მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნა, რომ გლდანის ჰოსპიტალი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, სადაც დაცული და გარანტირებული იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ასევე მისი უსაფრთხოება. ასე, რომ ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა გოგუაძემ.

ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს. ის მოითხოვს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.