ავტორი:

განახლებული უნივერსიტეტი სტუდენტის მუდმივი განვითარებისთვის − ცვლილებები ქართულ საგანმანათლებლო სფეროში

განახლებული უნივერსიტეტი სტუდენტის მუდმივი განვითარებისთვის − ცვლილებები ქართულ საგანმანათლებლო სფეროში

20-წლიანი ისტორიის ახლებური გაგრძელება და გამოწვევები, რომლებიც შესაძლებლობად უნდა იქცეს - „თბილისის ღია უნივერსიტეტმა“ სრულად შეიცვალა კონცეფცია, განაახლა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სტუდენტების ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებისა და შრომისმოყვარეობის ჩამოყალიბებასა და მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვაზეა ორიენტირებული.

„ალტე უნივერსიტეტი“ უკვე ახალი სახელითა და ლოგოთი, რაც მთავარია, განახლებული, გუნდითა და ახალი შემართებით იწყებს სრულიად განსხვავებული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, უნივერსიტეტთან მხოლოდ 4-წლიანი, სტანდარტული გამოცდილება არ აკავშირებდეთ და მისგან მიიღონ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სალექციო კურსებია.

რატომ გახდა რებრენდინგი საჭირო, რა ცვლილებები განახორციელა „ალტე უნივერსიტეტმა“, რას მიიღებენ სტუდენტები განახლებულ საგანმანათლებლო სივრცეში და რა პროგრამები ამოქმედდება დასაქმების ხელშესაწყობად, ამის შესახებ Ambebi.ge უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანი ამირანაშვილს ესაუბრა:

რატომ გახდა რებრენდინგი საჭირო და რას გულისხმობს „ალტე უნივერსიტეტის“ ახალი კონცეფცია?

ჩვენს უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო სფეროში თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს, რადგან მისი ისტორია 20 წელს ითვლის. მიგვაჩნია, რომ ახალი გამოწვევების, ახალი რეალობის გამო ყველა ორგანიზაციას სჭირდება განახლება. მათ შორის არის უნივერსიტეტიც, რომელმაც თანამედროვეობას, ახალ ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოს. სწორედ აქედან გაჩნდა რებრენდინგის იდეა.

გვჯერა, რომ უნივერსიტეტი არ არის დაწესებულება, სადაც მხოლოდ 4 წლის განმავლობაში სწავლობს ადამიანი და დასრულების შემდეგ საერთოდ წყვეტს მასთან ბმას. გვსურდა, რებრენდინგის შედეგად შეგვექმნა რეალობა, როცა საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტს მუდმივ განვითარებაში უწყობს ხელს. უნივერსიტეტი მას უნდა უქმნიდეს თვითგანვითარების გაგრძელების საფუძველს, რისთვისაც კონკრეტული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში უნდა ეხმარებოდეს.

დღეს სამყარო იმდენად სწრაფად იცვლება, თუ უნივერსიტეტმა თავისი კურსდამთავრებული ამ რეალობისთვის, მასთან ადაპტაციისთვის არ მოამზადა, გაუჭირდება, რომ თავის საქმეში პროფესიონალად და კონკურენტუნარიანად ჩამოყალიბდეს. განათლება არის ის, რაც უნდა გახდეს მუდმივი განვითარების საფუძველი და სწორედ ამ სტრატეგიის გარშემო შევქმენით ახალი ბრენდი.

ვინ იმუშავა უნივერსიტეტის რებრენდინგზე და რას ნიშნავს ახალი ლოგო და სლოგანი?

განახლებაზე იმუშავა იტალიურმა სააგენტო DINN-მა. „ალტე“ - ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს „უმაღლეს წერტილს“ და ამ წერტილამდე მისასვლელ გზას. მიგვაჩნია, რომ ეს სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვითარდებოდეს. განვითარების და ცოდნის მიღების გზა კი არ შემოიფარგლება არც იმ 12 წლით, რასაც ადამიანი სკოლაში ატარებს და არც იმ 4 წლით, რასაც უნივერსიტეტში სწავლას უთმობს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიწევდეს კიდევ უფრო დიდი სიმაღლეებისკენ. ჩვენი უნივერსიტეტის სახელიც სწორედ ამას გამოხატავს.

რაც შეეხება ლოგოს, ის გამოსახავს ზემოთ მიმართულ ისარს და საფუძველში არსებულ სამკუთხედს, რომლის წვერიც ასევე ზემოთ არის მიმართული. როდესაც უყურებ, თითქოს წარმოიდგენ, რომ ფიგურა ზევით მიიწევს. ეს სიმბოლო გამოხატავს სტუდენტს, რომელიც განვითარების უწყვეტ გზას გადის, ხოლო დიდი ფიგურის ქვეშ მოთავსებული პატარა სამკუთხედი თითქოს მას მოძრაობის მუხტს აძლევს და ამაში ალეგორიულად იგულისხმება უნივერსიტეტი. ის არის ძალა, რომელიც სტუდენტს უქმნის ფუნდამენტს, აძლევს ბიძგსა და მოტივაციას, განვითარების გზაზე არასდროს გაჩერდეს.

რა მექანიზმებს გამოიყენებთ იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ და სტუდენტებს ახალი შესაძლებლობები შეუქმნათ?

სწავლების პროცესში აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ ნაწილზე. ჩვენი გუნდი კომპლექტდება ლექტორებით, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად სტუდენტებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასაც ასწავლიან.

დიდი მნიშვნელობა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა პროფილის მქონე ორგანიზაციების პარტნიორობას სტუდენტების გადამზადებისა და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდების კუთხით, რაზეც ასევე აქტიურად მიდის მუშაობა.

ასევე, გვსურს უნივერსიტეტის ყველა სკოლაში ანტრეპრენერული მიდგომა დავნერგოთ. დღევანდელ რეალობაში ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან, განსაკუთრებით თაობა Z-ში, საკუთარი საქმის წამოწყება დიდი პოპულარობით სარგებლობს, რისთვისაც მათ შესაბამისი უნარების შეძენა სჭირდებათ. ანტრეპრენერული ხედვა და მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ყველა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებთან ინტენსიურად იმუშავებენ ლექტორები, რომლებიც კრეატიული ხედვებისა და სიახლეების წახალისებაზე იქნებიან ორიენტირებული და მათ სხვადასხვა იდეის განხორციელებაში დაეხმარებიან. უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი სტარტაპ გარაჟი კი ჩვენს სტუდენტებს რეალური ბიზნეს იდეების განხორციელებაში დაეხმარება.

რას ნიშნავს „ალტე უნივერსიტეტის“ ჩამოყალიბება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისთვის, რომელიც საკმაოდ კონკურენტულია?

შეიძლება, ცოტა ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ხედვები უფრო გლობალურია. მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი და საქართველოს თითოეულ უნივერსიტეტს ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია.

ქვეყნის საგანმანათლებლო ჰაბად ქცევა ნიშნავს: გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი და მოვიზიდოთ მეტი საერთაშორისო სტუდენტი, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვსურს, რომ პროცესში ვიყოთ ერთ-ერთი მძლავრი მიზიდულობის წერტილი, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებისთვისაც და ამისთვის მკაფიო, გრძელვადიანი გეგმები გვაქვს.

ის, რომ საკითხს არ ვუყურებთ მხოლოდ ლოკალურად და ასევე, კონცენტრირებული ვართ ხარისხსა და სწავლების პროცესში თეორიასთან ერთად პრაქტიკული ნაწილის დანერგვაზე, ვფიქრობთ, რომ ეს ის ძლიერი მხარე იქნება, რითაც კონკურენციას გავუწევთ სხვა უნივერსიტეტებს.

რა მიმართულებები იქნება პრიორიტეტული „ალტე უნივერსიტეტისთვის“?

ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან.

გარდა ამისა, „ალტე უნივერსიტეტის“ ბაზაზე უკვე დაწყებულია „სტარტაპ გარაჟის“ შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებაში დაეხმარება. ამისათვის ვაწყობთ ეკოსისტემას, რომელიც ჩვენს სტუდენტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი უნივერსიტეტის ბაზაზევე განახორციელონ იდეები, მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებაზე სწავლობენ ისინი. ჩვენთვის ყველა ის კურსი მნიშვნელოვანია, რომლებიც უნივერსიტეტში გვაქვს და სამომავლოდ მათ კიდევ უფრო გამრავალფეროვნებასაც ვგეგმავთ.

„ალტე უნივერსიტეტმა“ განახლებული ფორმატითა და კონცეფციით ფუნქციონირება უკვე დაიწყო. მოდერნიზაციის პროცესში მალევე ჩაეშვება ის კურსები და პროგრამები, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს საფუძველსა და მოტივაციას, თავიანთ საქმეში გახდნენ საუკეთესოები და არასდროს შეწყვიტონ განვითარება.

R