ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, "ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.
"მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც საბჭომ მიიღო, შეეხება "ბუსტერ" დოზების გამოყენების წესს. "ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.
ამ შემთხვევაში პირს, რომელიც აცრილია "სინოფარმისა“ და "სინოვაკის“ ვაქცინით შეუძლია, გამოიყენოს "სინოფარმის“ ან "სინოვაკის“ ვაქცინა "ბუსტერ" დოზისთვის ან გაიკეთოს "ფაიზერის“ დოზა. "ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს "ფაიზერის“ დოზით "ბუსტერ" დოზა, რაც შეეხება "ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში "ფაიზერის“ დოზის გამოყენება. არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან "სინოფარმით“ და "სინოვაკით“, "ბუსტერ" დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში, ასევე ვაშინგტონის ოფისიდან კოლეგები, რომლებიც ჩაერთვნენ იმისთვის, რომ გაეცნოთ უახლესი რეკომენდაციები ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირებისთვის.