"1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 100 პირიდან 15 ბავშვია, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი," - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურო მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია.
"1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 90 000 ბავშვი იყო ინფიცირებული კორონავირუსით და თუ პროცენტულად გავთვლით, ინფიცირებულთა შორის 15 %-არის ბავშვი ანუ 100 ინფიცირებულიდან 15 არის ბავშვი და არ მგონია, რომ ეს იყოს დაბალი მაჩვენებელი, პირიქით, კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტის შემდეგ მოიმატა ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ დასაწყისში იყო 7 %, შემდეგ "ალფა“ შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში კორონავირუსი მიმდინარეობს მსუბუქად, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშით, ბავშვების 8.3%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ხვდება საავადმყოფოში. დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ბავშვთა გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია 2020 წელთან შედარებით და ესეც სერიოზული განსხვავებაა. ეს არის არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს კორონავირუსის ვაქცინაციის მნიშვნელობას ბავშვთა ასაკში, ასე რომ ჩვენ 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციას ვიწყებთ. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ველოდებით, რომ ხვალიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, ჩხაიძის თქმით, გრიპისა და კორონავირუსის ჩატარება ბავშვებშიც ერთი და იგივე დღეს არის შესაძლებელი