ავტორი:

"რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს

"რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს

პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია აშუქებს. მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემები დეტალურად აღწერენ გუშინ, თბილისში გავითარებულ მოვლენებს და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

  • ფრანგული გამოცემა France24 წერს, რომ სააკაშვილის დაკავებამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

France24 მიხეილ სააკაშვილის წერილსაც აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სააკაშვილი მანქანიდან გადმოათრიეს, "რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ". გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მისი მოკვლა ჰქონდათ გამიზნული.

"სააკაშვილის დაკავებამ, რომელიც ქვეყნის პროდასავლური რეფორმატორია, საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია გამოიწვია. მისი დაკავება თბილისში თავისუფლების მოედანზე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა“- წერს გამოცემა.

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აშუქებს "დოიჩე ველეც.“

"ის ახლა მისი სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო ადგილას იმყოფება“, - ციტირებს გამოცემა ექსპრეზიდენტის პარტნიორის, ლიზა იასკოს სიტყვებს და აღწერს სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოითხოვდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. ექიმებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ სააკაშვილი იყო სისტემური გართულებების მაღალი რისკის ქვეშ და საჭიროებდა სასწრაფო მკურნალობას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში.

"მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის გამოცხადებიდან ხუთი კვირის შემდეგ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ადგილობრივ არჩევნებამდე დაბრუნდა და ეს ქმედება შეაფასა, როგორც ქვეყნის გადარჩენის მისია", - წერს გამოცემა.

სტატიაში მოყვანილია პენიტენციური სამსახურის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაზრდილი რისკებისა და უსაფრთხოების გამო ის სასჯელაღსრულები მე-12 დაწესებულებიდან მე-18, სამედიცინო დაწესებეულებაში გადაიყვანეს.

ავტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამასთან, მოყვანილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს.