პარტია "დროა“ - ს ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე ხოშტარიას მოწამვლის გეგმა განიხილეს.
ელენე ხოშტარიას თქმით, კობახიძის განცხადება ყურადღების არარელევანტურ საკითხზე გადატანას ემსახურება.
"ჩემს ჯანმრთელობაზე ერთადერთი პასუხისმგებელია "ქართული ონცება“. მათ შეუძლიათ ზუსტად ერთ წამში გადაწყვიტონ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, "ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა" ვციტირებ ომბუდსმენს. ლაპარაკი შეთქმულებებზე ან ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან დაპირისპირებაზე და აქცენტების გადატანა, არ გამოუვათ. ერთადერთ, რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი, ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხიმგებლობას ვერ მოიხსნიან“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.
შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
"ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.