ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, შვილის ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენართან დაკავშირებით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება სიბინძურეა.
"მე ვურჩევდი, ფრთხილად იყოს ხელისუფლება. ცეცხლს ეთამაშებიან, დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემს გოგოს თავიდან. ეს ბინძური რაღაც მაგათ თავში მოიხარშა. ერთი წამით არ ვუშვებ, რომ ვიღაცას პარტიაში ეს ჰქონდა განზრახული. ძალიან დიდი სიბინძურეა.
რაც შეეხება მთლიანად ამ პროცესს - საკმაოდ ბევრი ვიცხოვრე. 83 წლის ვარ, სტალინის დრო მახსოვს, ბევრი რამ... არ მეგონა, თუ ასეთ ჭუჭყთან თუ მექნებოდა კიდევ შეხება. ეს არის ჩემი ხელისუფლება? ესენი მართავენ ქვეყანას?" - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.
მას ასევე ისაუბრა შვილი შიმშილობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მშობლებისთვის მოულოდნელი იყო.
"როგორც კი გავიგეთ რომ შიმშილობას აპირებდა, მივარდით ელენესთან მე და ჩემი მეუღლე. დედამისი ძალიან ცუდათ არის. წარმოიდგინეთ, შვილი შიმშილობს. ცივი ნიავი რომ დაუბერავდა, ის იყო ჩვენთვის რაღაც და... არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, ამას წინათ მივედი პარლამენტში და მის მხარზე ედო ელენეს თავი და ეძინა.
პირველი რაც გააკეთა, ბოდიში მოგვიხადა, რომ არ გაგაფრთხილეთ და ისე დავიწყე შიმშილობაო" - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ "ტვ პირველთან" საუბარში.
ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.
"ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამხვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.
მოვუწოდებ ყველას სიფრთხილისკენ და რადიკალებს კი ვაფრთხილებ, რომ ნებიმისერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა კობახიძემ.