მთავარი საზრუნავი ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა მისი პატიმრობაში ყოფნისას, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ამის სრულად დაცვა, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, განსაკუთრებით კი მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კოლასმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებული ყველა შეშფოთება გათვალისწინებული უნდა იყოს.
"მესმის მრავალი სხვა შეშფოთებებიც და ისინიც ლეგიტიმურია. ხელისუფლებას აღელვებს პენიტენციური სისტემის მთლიანობა და ესეც ლეგიტიმურია. ბატონი სააკაშვილის მეგობრებსა და მომხრეებს აწუხებთ მისი ღირსება. ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება ყველა დაკავებულისთვის და განსაკუთრებით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს შეშფოთება გამოხატულია, ხელისუფლებას ევალება მუდმივად განიხილოს ყველა არსებული ვარიანტი საუკეთესოს გამოსავლენად. მე ვურჩევ, რომ მათ ფართო კონსულტაციები გამართონ, ყველა ვარიანტი მუდმივი განხილვის ქვეშ იყოს, იყვნენ რაც შეიძლება მეტად კრეატიულები, რათა პასუხი გაეცეს ყველა შეშფოთებას“, - განაცხადა ელჩმა.