ავტორი:

იცვლება თუ არა რამე სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმებით - პროკურორი და ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავენ

იცვლება თუ არა რამე სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმებით - პროკურორი და ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავენ

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში გააგრძელებს, რადგან მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე.

"ვინაიდან, იგი მსჯავრდებულია ს.გირგვლიანის და ვ.გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და მისჯილი აქვს თ/აღკვეთა 6 წლის ვადით, შესაბამისად აგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში,

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისიძების გამოყენების საფუძველი იყო, მათ შორის ის გარემოება, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და იყო ძებნაში, ვინაიდან, იგი დაკავებულია და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ იყო საჭიროება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებისა.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში, მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ს. გირგვლიანის და ვ.გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ”, - აცხადებს პროკურორი.

აღკვეთის ღონისძიების მოხსნასთან დაკავშირებით განმრტება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმაც.

როგორც შოთა თუთბერიძემ, გლდანის ციხესთან განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების გაუქმება სასამართლოს მხრიდან არის ფარსის კომპონენტი და დადგმული სპექტაკლი.

"ის ადამიანები, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს მესამე პრეზიდენტისა და მართლმსაჯულების მიმართ, უნდა იყვნენ გამოვლენილი და შესაბამისად დასჯილი.

აღკვეთის ღონისძიების გაუქმება სასამართლოს მხრიდან არის ფარსის ძალიან პატარა კომპონენტი და არის დადგმული სპექტაკლი. ჩვენ ვითხოვდით სასამართლო პროცესის ჩანიშვნას თვენახევრის განმავლობაში და სასამართლომ თითქოს ვერ გამონახა დრო და რესურსი, ხოლო დღეს იძულებული იყვნენ, რომ გაეუქმებინათ აღკვეთი ღონისძიება, რადგან კანონმდებლობა სხვანაირ საშუალებას არ იძლევა. სარგებელი ამ შემთხვევაში არის ერთადერთი - სააკაშვილს აღუდგება სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალება.

მთელი ეს პროცესი, დაწყებული სასამართლოს პროცესით და ბრალდებით გაგრძელებული და სატელეფონო ზარების შეზღუდვით, რომელიც უკანონო გახლდათ, არის ერთი დიდი პოლიტიკური სპექტაკლი.

დაცვის მხარის ადვოკატებმა დავტოვეთ სასამართლო პროცესი, რადგან იმ სპექტაკლში მონაწილეობის მიღება და სასამართლოსთვის ფსევდოლეგიტიმაციის გამყარება არ გვინდოდა, ამიტომ განჩინება არ ჩაგვბარებია, მას დღეს საღამოს ჩავიბარებთ", - განაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო. თუმცა, სხვა საქმეებზე გამოტანილი განაჩენების შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.