ავტორი:

"ფეისბუქში" დავდე "ჩინური სახლის“ ფოტო. მალევე მომივიდა შეტყობინება, - რა გაკავშირებთ ამ სახლთან, ლინეტის შვილიშვილი ხომ არ ხართო?“- წლების მერე ნაპოვნი ნათესავების ამაღელვებელი ისტორია

"ფეისბუქში" დავდე "ჩინური სახლის“ ფოტო. მალევე მომივიდა შეტყობინება, - რა გაკავშირებთ ამ სახლთან, ლინეტის შვილიშვილი ხომ არ ხართო?“- წლების მერე ნაპოვნი ნათესავების ამაღელვებელი ისტორია
  • კოლაჟზე: ლინეტ ჟანიო და სალომე ჭელიძე

ქუთაისში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეხვდებით 120 წლის, ე.წ. ჩინურ სახლს, რომელსაც ჩინური მხოლოდ გადახურვა აქვს. ადრე შენობა ფრანგული მოდერნიზმის ნიმუშად მოიხსენიებოდა. დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერაა აღრიცხული და სახელმწიფო იცავს. ქუთაისში ყველამ იცის, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ფრანგი ჟანიოების ოჯახი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ამ ოჯახის ტრაგიკული ბედის შესახებ.

"ჩინური სახლი", მხატვარი: სალომე ჭელიძე

ambebi.ge - ზე რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, პატრიკ ჟანიო ყვებოდა თავისი წინაპრების წერილებით აღდგენილ ისტორიასა და მათ ტრაგიკულ ბედზე. მე მინდა, ამ სტატიით ჟანიოების ქართველი შთამომავალი, სალომე ჭელიძე გაგაცნოთ.

შეგახსენებთ, რომ ლორან ოგუსტი მეუღლესთან, ლუის ესტერთან ერთად საქართველოში მე-19 საუკუნეში ჩამოვიდა და დასახლდა, მათ 11 შვილი ჰყავდათ, მათ შორის - ვიქტორი. ვიქტორს ჰყავდა 9 შვილი, მათ შორის, სალომეს ბებია - ლინეტი, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა.

დები ჟანიოები. მარცხნიდან მეორე: ლინეტ ჟანიო

სალომე ჭელიძე:

- მამა სულ მეუბნებოდა, რომ ნახევრად ფრანგები ვიყავით. ბებია მიყვებოდა სახლზე, რომელიც ქუთაისშია და რომელსაც "ჩინურ სახლს“ ეძახიან, გადახურვის გამო. მიყვებოდა, როგორ ცხოვრობდნენ ამ სახლში, რა წესები და ტრადიციები ჰქონდათ. ასევე, ბებიისგან ვიცი, რომ ძალიან უყვარდათ მიწასთან მუშაობა.

მამაც მიყვებოდა და წერილებიდანაც ირკვევა, რომ მათ შემოიტანეს ხილის და ბოსტნეულის რამდენიმე ჯიში, მაგალითად, დუშეს მსახალი, ყვავილოვანი კომბოსტო და სხვ. ქუთაისში ჟანიოებს იცნობდნენ, როგორც ლანდშაფტის დეკორატორებს და მებაღეებს. საქართველოს რამდენიმე პარკი დაუტოვეს, როგორებიცაა: "ირინეს პარკი“ ზესტაფონში და ქუთაისის პარკი. მათი დაგეგმარებულია ქუთაისის ბულვარი და ბაზარი. მიწასთან მუშაობა მამასაც ძალიან უყვარდა, თუ სადმე საშუალება მიეცემოდა, სულ ამწვანებდა. სადაც იცხოვრა, ყველგან თავისი კვალი დატოვა.

სალომე მამასთან ერთად

12 წლის ვიყავი , როდესაც ბებიამ პირველად საფრანგეთში წამიყვანა. მატარებდა მუზეუმებში, მიყვებოდა ფრანგულ კულტურაზე და მეუბნებოდა, რომ უნდა მყვარებოდა ედიტ პიაფი და მცოდნოდა ფრანგი მხატვრები. მიყვებოდა ფრანგ მომღერლებზე და მსახიობებზე. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

- მოგვიყევით, როგორ იპოვეთ ინტერნეტით ნათესავები...

- ყველაფერი ასე დაიწყო: ფეისბუკში დავდე "ჩინური სახლის“ ფოტო. მალევე მომივიდა შეტყობინება: "სალომე, რა გაკავშირებთ ამ სახლთან, შემთხვევით, თქვენ ხომ არ ხართ ლინეტის შვილიშვილი, თემურის შვილი?“ აღმოჩნდა ბიძია პატრიკი, რომელიც მიხვდა, რომ ამ სახლთან რაღაც მაკავშირებდა და ჟანიოების ოჯახის შტოდან ვიყავი. პატრიკი თურმე იკვლევდა ინფორმაციას თავისი წინაპრების შესახებ და აინტერესებდა საქართველოში სად და როგორ ცხოვრობდნენ. იცოდა ამ სახლის ისტორია. პირველი კვირა ძალიან ემოციური იყო. დღე იწყებოდა და მთავრდებოდა ბიძია პატრიკთან საუბრით.

- სხვა ნათესავები როგორ იპოვეთ?

- მახსოვს, მამა სულ ეძებდა თავისი ბაბუის კვალს, რომელიც 37 წელს გადაასახლეს, იცოდა, რომ იქ გარდაიცვალა. მამას გარდაცვალების შემდეგ უკვე იმდენი ინფორმაცია აღარ მქონდა, რაც მას, ამიტომ ძალიან მიჭირდა კვლევის სწორად ჩატარება და ნათესავების მოძებნა. ვიცოდი მათი სახელები, მაგრამ ვეძებდი ნანტში, აღმოჩნდა, რომ შამპანიდან იყვნენ.

ნახატები ციკლიდან: "საფრანგეთის დაკარგული შვილები“

მე და ბიძია პატრიკმა სოციალურ ქსელში შევქმენით ჯგუფი, სადაც გავაწევრეთ ოჯახის ყველა წევრი, რომელთანაც ურთიერთობა გვქონდა და დავიწყეთ სხვების ძიებაც. აღმოჩნდა, რომ ოჯახის შთამომავლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტული: საფრანგეთში, ამერიკაში, იტალიასა და საქართველოში. ბევრი ვიპოვეთ და ახლა ერთი დიდი ოჯახი ვართ. ვიკრიბებით ონლაინ და ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე.

სალომე წარმატებული მხატვარია. მან ფერწერული ტილოებით გააცოცხლა თავისი წინაპრების ისტორია. დახატა დიდი ბაბუა და ოჯახის სხვა წევრები. გამოფენა "არტ გალერიში" გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასიც ესწრებოდა.

- სულ ვხატავდი, ბავშვობიდან, მაგრამ ბიძია პატრიკის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე კოლექციის გაკეთება, რომელსაც დავარქვი "საფრანგეთის დაკარგული შვილები“. დავხატე "გულაგის" სცენები, დიდი ბაბუის პორტრეტი, რომელიც საკანში ზის და ხელში საფრანგეთის დროშა უჭირავს. დეტალიზაციისთვის ბიძია პატრიკს ვეკითხებოდი როგორ გამოიყურებოდნენ, ვის რა ფერის თვალები ჰქონდა, ვნახულობდი სურათებს. კოლექცია მამას მივუძღვენი. ის ბედნიერი იქნებოდა ჩვენი შეერთებით და სიახლოვით. ალბათ, ხელმეორედ დაიბადებოდა, ამ ამბავს რომ მოსწრებოდა. მას ძალიან უყვარდა საფრანგეთი, ასევე ძალიან უყვარდა საქართველოც. დიდი პატრიოტი იყო. მახსოვს,საფრანგეთის მაშინდელი ელჩი მამას ეუბნებოდა, რომ ისიც ფრანგი იყო და თავისუფლად შეეძლო საფრანგეთში წასვლა და იქ ცხოვრება, მაგრამ მამა პასუხობდა, რომ მისი სამშობლო საქართველო იყო და ვერსად წავიდოდა.

P.S. ამ ისტორიამ ქართული ფილმი "ფესვები“ გამახსენა. ორ ისტორიას შორის განსხვავება ისაა, რომ ფრანგი ემიგრანტი ოჯახი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, ქუთაისში დამკვიდრდა და ქართველ ხალხს, ტრადიციებს და კულტურას შეერწყა. მაგრამ მათ არ დაივიწყეს მშობლიური ფესვები და საუკუნის შემდეგ, მათი შთამომავლები ისევ განაგრძობენ სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ნათესავების ძიებას.

ავტორი: მირანდა ზაქარეიშვილი