ლეჩხუმში ბოლო სამ წელიწადში 89 მიტოვებული სახლი გაიყიდა, რაც პროექტის "დაკარგული სამოთხე" საშუალებით განხორციელდა. პროექტს ლექსო ჩარკვიანი უდგას სათავეში. როგორც ბატონი ლექსო ამბობს, ის ლეჩხუმის სოფლებში სხვადასხვა მიზეზით მიტოვებულ სახლებს ეძებს, შემდგომ მათ პატრონებს უკავშირდება და მათთან შეთანხმებით, სოციალურ ქსელში ამა თუ იმ სახლზე ვიდეოს ავრცელებს.
სახლების ბედით უამრავი ახალგაზრდა თუ ემიგრანტი ინტერესდება და შემდგომ მათ იძენს. ლექსო ჩარკვიანის თქმით, ეს პროექტი მისი კეთილი ნებაა, რადგანაც უზომოდ უყვარს თავის კუთხე და ლეჩხუმის დაცარიელებას, დაკეტილ სახლებს ვერ ეგუება. მან 2018 წლიდან ლამის ასამდე სახლს აპოვნინა ახალი პატრონი.
"სოფლებში მიტოვებულ სახლებს ვეძებ და მათ მოსანახულებლად საკუთარი ხარჯებით მივდივარ. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი ექნება, მათ "გაცოცხლებას" "ფეისბუქზე" ჩემი გვერდის საშუალებით ვცდილობ. ფოტოებს, ვიდეოს ვტვირთავ, დანარჩენს კი მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ. ეს იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, როცა ერთ-ერთ სოფელში მისულს, მასპინძლის ჭიშკართან საუბრისას მისი ძველი სახლი თვალწინ ჩამოიშალა"- აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.
- კიდევ რას გვეტყვით თქვენზე... როგორ გაგვეცნობით?
- ვცხოვრობ ქუთაისში, პროფესიით ინჟინერი ვარ. სოფელი ლეჩხუმში მაქვს, სათაფლიაში - პატარა მეურნეობა, სადაც ფრინველებზე ვარ გადართული და იქვეა ჩემი პატარა მარანიც. მერვე წელია, ლეჩხუმის „სინაპი“ ვაშლისგან ძმარს ვაწარმოებ. ასევე იაპონელებთან ავტოიმპორტში ვარ ჩართული და ტუროპერატორიც გახლავართ, ჯგუფები დამყავს ლეჩხუმში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში.
მოკლედ, სათაფლიაში მიწა რომ მქონდა, პატარა კოტეჯის მშენებლობა დავიწყე. ბეღელმა თავის ფუნქცია კი დაკარგა, მაგრამ რადგანაც ლეჩხუმელი კაცი ვარ, დეკორისთვის, სიმბოლურად ეზოში მისი ჩადგმის სურვილი გამიჩნდა. მისი ძებნა ლეჩხუმში სხვადასხვა ადგილას დავიწყე. ერთხელაც, შუადღე გადასული იყო, ადგილობრივ ადამიანს თავის ჭიშკართან ველაპარაკებოდი და ორივეს სასწაული ხმაური შემოგვესმა - უკან მისი ხის სახლი წაიქცა. იმ კაცთან ლაპარაკისას გავარკვიე, რომ იქვე სახლი იყიდებოდა და პატრონის ნომერიც მომცა. სახლს ფოტო გადავუღე, სამეგობროს ვაჩვენებ, იქნებ ვინმემ იყიდოს-მეთქი. იმ პერიოდში სოციალური ქსელი არ მქონდა და ამისთვის შევქმენი გვერდი. დავდე ის ფოტოები და პატრონის ტელეფონის ნომერიც მივაწერე. სახლი გაიყიდა.
მერე ლეჩხუმში მორიგი წასვლისას ვიფიქრე, მოდი, კიდევ ვცდი-მეთქი. ერთ-ერთ სოფელში შევიარე. კიდევ აღმოვაჩინე ერთი ეზო, რომელიც ასევე იყიდებოდა. პატრონი მოვძებნე, მისგან ნებართვა ავიღე, სახლს ფოტოები გადავუღე და ჩემს გვერდზე ისევ დავდე. 6-7 თვე ასე გაგრძელდა, სახლების ფოტოს ვტვირთავდი, მერე "ვიდეოლაივის" გაკეთებაც დავიწყე. დეტალურად ვიღებდი სახლს, მის მდგომარეობას ავსახავდი და ამ ინფორმაციას ადამიანებს სრულად ვაწვდიდი. თითოეული დაახლოებით 40-30 წლის მიტოვებული იყო.
- მეპატრონეები ასე მარტივად თანხმდებიან სახლის გაყიდვას?
- მეპატრონეს ვეუბნები, სანამ გაყიდით, იქნებ საოჯახო სასტუმრო გააკეთოთ, ქონებასაც მიხედავთ და შემოსავალიც გექნებათ-თქო. 2-მა დამიჯერა და თავის მამული "საოჯახოდ" აქცია. თუმცა პატრონების უმეტესობა ყიდის. სამი წლის წინ, როდესაც ეს კამპანია წამოვიწყე, სახლები ძალიან იაფი იყო. ერთ წელიწადში ამ კამპანიას ხმა გაუვარდა, მერე პანდემიაც დაემთხვა. რისი ბრალია, არ ვიცი, მაგრამ სახლების ფასი გაოთხმაგდა. სხვათა შორის, მათ შესაძენად თბილისელი ახალგაზრდები აქტიურობენ. ოღონდ, ამ ყველაფერს მე ასე ვარქმევ - სახლი კი არ იყიდეს, გაათბეს. მოკლედ, ასე ხდება ლეჩხუმში დაცლილი სოფლების შევსება.
- ე.ი. ეს ყველაფერი თქვენი კეთილი ნებაა და მეტი არაფერი?
- რა თქმა უნდა. როცა დრო მაქვს და საწვავი, სოფლებში ჩემი ნებით მივდივარ. თან, ჩემს სოფელსაც სამუშაოდ ვაკითხავ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მეწყერმა სახლი დამიზიანა და საცხოვრებლად უვარგისია, მიწას მაინც ვამუშავებ, ლობიო და სიმინდი მომყავს. ამ პროექტის ასე ამოქმედება დიახ, ჩემი კეთილი ნებაა, ყველაფერს ფინანსური ინტერესის გარეშე ვაკეთებ. ყოფილა ასეთი შემთხვევაც, შევსულვარ ამა თუ იმ სოფელში, "ლაივი" ჩამირთავს და სანამ 15 წუთში ის დასრულებულა, სახლს უკვე ახალი პატრონი გამოსჩენია. მეპატრონეს ურეკავენ, რადგან მის ნომერს იქვე ვწერ.
- ემოციურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?
- ქუთაისიდან ლეჩხუმში ჩემს სახლამდე რომ მივდივარ, შეიძლება, გზად 2-3 მანქანა შემხვდეს, ეს კუთხე თითქმის დაცლილია. ის 89 ოჯახი, რომელმაც უკვე "გაათბო" ჩვენი სოფლები, დაახლოებით 400-500 კაცია. მოკლედ, ჩემს სახლამდე სანამ მივალ, გზად მარჯვნივ-მარცხნივ ვიხედები. ეზოებში, რომლებიც გადაღებული მაქვს, უკვე მანქანებს ვხედავ, სადღაც კვამლი ამოდის, სადღაც ნათურა დაუკიდებიათ და ღობე გაუკეთებიათ, ბავშვები თამაშობენ... ეს ძალიან მიხარია.
- ამ პერიოდში ყველაზე ხანდაზმული სახლი თუ აღმოაჩინეთ?
- სოფელ ნასპერში 1826 წელში აგებული სახლი ვიპოვე... საერთოდ, იქ 95% ხის სახლია, თუმცა კაპიტალურიც მიპოვია, მაგრამ ძალიან სავალალო მდგომარეობაში, რომელიც შემდეგ ახალ პატრონს განუახლებია. ბევრი მოდის ვენახისთვის, უსახელოურის მიკროზონაა ლეჩხუმში და ამიტომ, ბევრიც ცოლიკოურისთვის. ვაზის ეს ორი ჯიში ჩვენთან ენდემურია. მოკლედ, ამ კამპანიიდან გამომდინარე, ლეჩხუმის გლეხობას ვეხმარები. მაგალითად, ერთხელ ვნახე მეფუტკრე ბაბუა. თაფლს ყიდდა, ბაბუ ლაივს გაგიკეთებ და თაფლს გაგაყიდი-მეთქი, "რაის თაფლს გამაყიდიებო?" - ვერ გაიგო, რა ვუთხარი. რა იცის იმან, სოციალური ქსელი რა არის. სანამ მისი ეზოდან გამოვედი, 20-მა კაცმა მაინც დაურეკა. მე კი გამოვიხურე მისი კარი და წამოვედი... ზოგს კაკალი გავაყიდინე და ასე...
- კარგ საქმეს აკეთებთ...
- კი, მაგრამ დიდხანს ვეღარ გავაგრძელებ. შარშანწინ ვთქვი, 30 სახლზე რომ ავალ, გავჩერდები-მეთქი. არადა, 30-სახლზე 4 თვეში ავედი. მერე ვთქვი, 100-ზე ავალ და გავჩერდები-მეთქი. ახლა უკვე 89 ოჯახია "გამთბარი". 11 დამრჩა და მართლა გავჩერდები. ბევრს ჰგონია, რომ ამაში რაღაც არის დამალული - ლექსო ჩარკვიანი ფულს აკეთებსო... მოკლედ, 100 ოჯახზე რომ ავალ, მინდა, ეს ადამიანები ერთმანეთს შევახედრო... ერთმა ჩემი ლაივის შემდეგ ლეჩხუმში დასახლებულმა ბიჭმა სურვილი გამოთქვა, ამ ხალხს ჩემს ეზოში მოვუყაროთ თავიო... მინდა, მათ ერთმანეთიც გაიცნონ და შთაბეჭდილებები გაუზიარონ. ლეჩხუმის სიყვარულით პლენერიც მოვაწყე, მხატვრებს ლეჩხუმი დავახატინე, კარგი ღონისძიება იყო ღია ცის ქვეშ, მხატვრები ვიოლინოს ფონზე მუშაობდნენ. მუსიკოსი უკრავდა და ისინი ლეჩხუმის ხედებს ხატავდნენ.
- თავად თქვენს მეწყერისგან დაზიანებულ სახლს რა ეშველება?
- ზედა აღვია ჩემი სოფელი. მეწყრული ზონაა, სახლი გაფუჭდა შუა წელზე, შუშები ჩაილეწა, დეფორმირება მიიღო ყველაფერმა. საცხოვრებლად უვარგისი და სახიფათოა. იქ გაჩერება არ შეიძლება, თუმცა იმისიც კი მრცხვენია, ლეჩხუმში ხალხს ხელს ვუწყობ, რომ კარგად დასახლდნენ და ჩემი სახლისთვის ვერ მიმიხედავს, მაგრამ მეწყერის წინაშე უძლური ვარ. ახლა ნალიისკენაც წამოვიდა... ველოდები, იქნებ გაჩერდეს, რომ სახლი გავაახლო...
მოკლედ, ასეთია ჩემი ცხოვრება და ამბები...