ქართველმა მედიცინის მუშაკებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს. წერილს ექსპრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.
"ღია წერილი ამერიკის ქართველი მედიცინის მუშაკებისგან
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს
12 ნოემბერი, 2021 წელი
პატივცემულო სენატორებო და კონგრესმენებო, ჩვენ, ამერიკის ქართველი მედიცინის მუშაკები, ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას. გასულ კვირებში, პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დიდი სისწრაფით მძიმდება, რაც ემუქრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჩვენი ერის მიერ მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას. ამა წლის 1 ოქტომბრიდან, პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე იმყოფება ქართულ ციხეში. სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, პირველივე დღიდანვე მან მიმართა შიმშილობას.
შოკისმომგვრელია, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმები, ციხის ადმინისტრაცია და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობა ორკესტრირებულად მოქმედებენ სააკაშვილის ფიზიკური და პოლიტიკური ლიკვიდაციისთვის, იმ მეთოდებით, როგორც კრემლი უსწორდება საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. პრეზიდენტი სააკაშვილი არის მუდმივი თვალთვალის და ფსიქოლოგიური წამების ქვეშ, უწყვეტი მცდელობებით, მოახდინონ მისი შიმშილობის დისკრედიტაცია. 9 ნოემბერს, Amnesty International-მა სააკაშვილისადმი მოპყრობა აღწერა, როგორც შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. სააკაშვილის პირადმა ექიმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა, როგორც კრიტიკული და მოითხოვს გადაუდებელი დახმარების სრულფასოვნად გაწევისთვის ადეკვატურ სამედიცინო გარემოს.
8 ნოემბერს, ის იძულებით გადაყვანილ იქნა უსაფრთხოების მომეტებული რისკების ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, მკურნალობის ნაცვლად. ჩვენ, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები მიგვაჩნია შესაძლებლობების ქვეყნად და იმედისა და თავისუფლების შუქურად, ვამაყობთ ჩვენი ქართველობით და ამერიკელობით, ამ ფასეულობებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, გაუგზავნოთ საქართველოს მთავრობას მძიმე და მკაფიო გზავნილი, რომ უზრუნველყონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად.
პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, დააჩქარებს მომავალში საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების, თავისუფლების პრინციპების და დემოკრატიის ერთგულებას. ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უარს არ იტყვის საკუთარ იდეალებზე და არ მიატოვებს საკუთარ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში. ჩვენთვის, პროფესიონალი ექიმებისთვის, ადამიანის სიცოცხლე და ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია თუ დაპირისპირება.
შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ თქვენს უსწრაფეს ჩარევაზე მიხეილს სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხში და მხარს დაუჭერთ ქართულ დემოკრატიას. მზად ვართ მოგაწოდოთ ნებისმიერი დამატებითი მასალები, თუ საჭიროება ამას მოითხოვს" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 83 მედიკოსი აწერს. მათ შორის არიან ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი, ზურაბ გურული, ირაკლი ჩაჩანიძე, დავით მრელაშვილი და სხვები.