ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს და ველოდებით პასუხს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს და ველოდებით პასუხს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტს PCR ტესტი ჩაუტარდა, რადგან, მისი თქმით, გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი.

დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებითვე, ამ დროისთვის ტესტის პასუხს ელოდებიან.

“PCR ტესტი მას აღებული აქვს და ელოდებიან, ამ დრომდე ეს პასუხი არ ყოფილა. ეს ინფორმაცია დღეს მედიიდან გახდა ცნობილი. ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა თუ არა კონტაქტი #18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა, დღეს დილით აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით ამის პასუხს. აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ PCR ტესტის აღება მოხდა, რადგან #18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კოვიდი. ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და ამაში იგულისხმება ნებისმიერ საფრთხე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ამასთან, როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი სამედიცინო კონსილიუმთან ითხოვს შეხვედრას.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული, ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევები. დღეს რამდენჯერმე იყვნენ შესული მასთან იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და შესაბამისად, იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, რაში იყო საქმე. მან მოახერხა ჩვენთან შესახვედრად ჩამოსვლა, თუმცა, ეს არ ყოფილა მარტივი და რეალურად, სისუსტე გამოხატული და თვალსაჩინო იყო ჩვენთვის, არა მხოლოდ სიარულში, არამედ კომუნიკაციაშიც, რაც ჩვენ გვქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.

დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობის შესვლაც გარეშე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის გარეშეც არის მისი მოთხოვნა“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება დღეს ოპოზიცის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, ადვოკატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის შთაბეჭდილებების ქვეშ.

"რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს და დღეს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს, აქ აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვსმენია შემთხვევები ადამიანი ემალებოდეს სასამართლოს და სახელმწიფოს, თავს არიდებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, მაგრამ პირიქით, სახელმწიფო რომ ემალებოდეს ადამიანს და თავს არიდებდეს სასამართლო პროცესზე მის მიყვანას, მსგავსი პრეცედენტი არსად, არცერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და არავინ გადაწყვეტილბებს ამ ქვეყანაში არ იღებს მასთან დაკავშირებით.

ის არის შთაბეჭდილების ქვეშ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, როგორც ამ აქციის მშვიდობიანი ფორმით, ასევე ეფექტიანობის თვალსაზრისით. ის ამბობს, რომ რეალურად მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და მისი შიმშილობა და გათავისუფლება არის სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი და ამიტომ, არ უნდა გაიბლაროს ძირითადი მიზანი საშუალებისგან. ასევე თვლის, რომ რეჟიმი არის უკიდურესად დასუსტებული და დღევადელი ეფექტიანი მსვლელობის შემდეგ, სწორედ იმიტომ ვერ გაბედა ხელისუფლებამ ძალის გამოყენება, დასუსტებული რეჟიმის პირობებში, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება უფრო და უფრო რთულდება. ის მიესალმება საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველის ვიზიტს და იმედი აქვს, რომ მიეცემა შესაძლებლობა #18 დაწესებულებაში შეხვედრის. ასევე უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად სწორად შეაფასა წამებად“, - განაცხადა ადვოკატმა.