ავტორი:

ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი და სავარაუდოდ, ქვეყანაში შეჭრისათვის ემზადება - რას ფიქრობენ დასავლეთში?

ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი და სავარაუდოდ, ქვეყანაში შეჭრისათვის ემზადება - რას ფიქრობენ დასავლეთში?

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 100 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა თავმოყრილი, ანუ, როგორც ქვეყნის მეთაურის ნათქვამიდან ჩანს, რუსული დივიზიები, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისათვის მზად არიან. პრეზიდენტი დარწმუნებულია, უკრაინის არმია მომხვდურ მტერს საკადრის პასუხს გასცემს, უკრაინას არავისი ეშინია, ასე რომ - თუ ომი დაიწყება, საპანიკო არაფერია.

თავის მხრივ, ამერიკაც, რომლის სამხედრო თანამგზავრები თვალს ადევნებენ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ მდგომარეობას, თავის ევროპელ პარტნიორებს ატყობინებს, რომ მოსკოვი ისევ ემზადება უკრაინაში შესაჭრელად - იქ, სადაც სასანგრო ომი უკვე რვა წელია გრძელდება. სააგენტო "ბლომბერგის“ ცნობით, იგივე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც. ბევრი ანალიტიკოსიც, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებს იკვლევენ, გარკვეულწილად ეთანხმებიან ოფიციალური პირების თვალსაზრისს და ეჭვებს გამოთქვამენ, რომ საზღვრებზე რაღაც არის დაგეგმილი, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდება, ამის პროგნოზირებას ერიდებიან.

  • "დეჟავიუ“ უკრაინულად?

მოასწავებს თუ არა საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია საომარ მოქმედებებს?

კაცმა რომ თქვას, რუსეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, სრული უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე დისლოცირებული საკუთარი ჯარები გადაადგილოს - სადაც სურს და როცა სურს, თუმცა მსგავს სიტუაციაში, ცხადია, მხედველობაშია მისაღები საერთაშორისო ვითარება, მეზობლებთან ურთიერთობის მდგომარეობა და სხვა გარემოებები. ანუ ხომ არ ემთხვევა ჯარების თავმოყრა თუ გადაადგილება რომელიმე მოსაზღვრე მეზობელთან რთულ დამოკიდებულებას.

2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთის სატანკო ბრიგადები მართლაც შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, პერიოდულად გაისმის საგანგაშო განცხადებები შეჭრის შესახებ. ბოლო დროს მსგავსი პანიკა იყო მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვარზე თავი მოუყარა ათასობით სამხედრო მოსამსახურეს და ათობით სამხედრო გემი გაგზავნა აზოვის ზღვაში - ვითომდა ტრადიციული სამხედრო წრთვნების განსახორციელებლად. მისი მოქმედება ძალიან ჰგავდა მზადებას ომის დაწყებისათვის, თუმცა ორიოდე კვირის შემდეგ, უმაღლესი მთავარსარდლის თანხმობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩათვალა, რომ "მიზანი მიღწეულია“.

არ არის გამორიცხული, რომ "გაზაფხულის პანიკის“ მსგავსად, "შემოდგომის პანიკაც“ მშვიდად დასრულდეს, მაგრამ თუ რუსული ტანკების კოლონა უკრაინაში შეიჭრება, მაშინ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტვა დაიწყება. შესაძლოა, უფრო ძლიერმა რუსულმა ჯარმა ბრძოლის ველზე გამარჯვება მოიპოვოს, მაგრამ ეს იქნება "პიროსის გამარჯვება“, რომელიც კრემლს ძალიან ძვირად დაუჯდება: დღევანდელი უკრაინული არმია ძალიან განსხვავდება იმ "გაძვალტყავებულ“ სამხედრო ქვედანაყოფებისაგან, რომლებიც დაუფინანსებლობის გამო 2014 წელს "შიმშილობდნენ“ და რომლებიც რუსებმა გააცამტვერეს. ამჟამად უკრაინის არმია ბევრად კარგად არის აღჭურვილი და მას დონბასის სანგრებში მიღებული საბრძოლო გამოცდილებაც აქვს.

  • დასავლეთის შიში: "ბირთვული კატასტროფა“ უკრაინის გამო?

როგორც ბრიტანული "დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) სამხედრო მიმომხილველი როლანდ ოლიფანტი წერს, "იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის მოტომსროლელი დივიზიები კიევამდე მდებარე ტერიტორიას დაიკავებენ, მათ დედაქალაქისა და სხვა მსხვილი ქალაქების აღება მაინც გაუჭირდებათ - უკრაინის პატრიოტულად მოტივირებული მოსახლეობა თავდამსხმელ რუსებს ქვეყნის ოკუპაციას კოშმარად გადაუქცევს“.

პროგნოზი პროგნოზად, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ მისი ქვეყანა რუსეთის ჯარის შეტევას წინააღმდეგობას მხოლოდ დასავლეთის დახმარებით თუ გაუწევს, მაგრამ... ევროპა და ამერიკა დილემის წინაშე დადგებიან: უკრაინა ნატოს წევრი არ არის, შესაბამისად, ფორმალურად აშშ და სხვა მოკავშირეები, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, ვალდებულნი არ არიან უკრაინა დაიცვან. გავიხსენოთ, რომ როცა 2014 წელს დონბასში ხოცვა-ჟლეტვა დაიწყო და უკრაინის არმიის ქვედანაყოფები კინაღამ ალყაშემორტყმულები აღმოჩნდნენ (ე.წ "დებალცევოს ქვაბში“), ბარაკ ობამამ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე - მას ეშინოდა, ვაითუ რუსეთმა უფრო აგრესიული მოქმედება დაიწყოსო.

დასავლელი მოკავშირეები ხშირად განიხილავენ რუსეთის სამხედრო ფსიქოზის შედეგებს, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარსაც, მაგრამ ომის დაწყებას ისინი გამორიცხავენ. დასავლეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ უკრაინაში ნატოს მსხვილი ძალების გადასროლა ბირთვული ომის შანსებს ზრდის. ჰოდა, განა გადადგამს ნაბიჯებს ამერიკა ნატოს არაწევრის დდასაცავად, რომელიც ამომრჩევლმა ისიც არ იცის, თუ სად მდებარეობს? მაგრამ თუ არ გადადგამს, მაშინ ვაშინგტონის რეპუტაცია, როგორც საიმედო მოკავშირისა, ძალიან შეირყევა. ალბათ, ვლადიმერ პუტინი დასავლეთის წინაშე მდგარ ამ დილემას აანალიზებს. თუ იგი ტანკებს შეიყვანს, ესე იგი, გამოდის, რომ რუსმა პრეზიდენტმა ჩათვალა - მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი მშიშარაა და შესაბამისად, უკრაინას უშუალოდ არ დაეხმარება. ამით აშშ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მისის ძალა მოჩვენებითია, რუსეთი კი თავის სტრატეგიას განახორციელებს: შეცვლის ევროპის იმ წესრიგს, რომელიც "ცივი ომის“ შემდეგ შეიქმნა.

ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარი, მაგალითად, ტედ გალენ კარპენტერი, ცნობილი კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თვლის, რომ დასავლელი ლიდერები (აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით) უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როცა უკრაინის არმიას იარაღით ამარაგებენ და მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებით აიმედებენ. "ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ წინდაუხედავად ჩაუნერგა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მისი ქვეყანა აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და რომ ამერიკა და ნატო საქართველოს აუცილებლად დაეხმარება, ვინმეს თავდასხმის შემთხვევაში... ამერიკამ ქართული არმია გაწრთვნა და შეაიარაღა, მაგრამ, 2008 წლის აგვისტოში ყველაფერი ხუხულასავით დაინგრა... მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ დაპირებების მიუხედავად, რეალურ სიტუაციაში ამერიკა საქართველოს დასაცავად რუსეთს არ შეებრძოლება.

მოკლედ, დასავლელ მკვლევარებს უკრაინა-რუსეთის ომისა და მისი შედეგების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გააჩნიათ.

ამერიკული, ბრიტანულ, უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა სიმონ კილაძემ