საქართველოში მყოფი უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, რომელსაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მისცეს, ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგვაძეს ურეკავდა და სწერდა, თუმცა მან არ უპასუხა.
"ჩვენ უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე, ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს და უარის მიზეზი გვეცოდინება, მაგრამ მაინც მოვედი აქ, რადგანაც მსურს ციხის ხელმძღვანელობას შევხვდე. ვიცი, რომ დირექტორი ავად არის, მაგრამ ვიღაც ხომ ასრულებს მის მოვალეობას და ასევე, მინდა შევხვდე მთავარ ექიმს.
ჩვენ გვაქვს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმის თაობაზე თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. როგორ ჩაატარებენ სარეანიმაციო პროცედურებს.
მე მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, მას ვურეკავდი, ვწერდი, სამწუხაროდ, არ მიპასუხა. როგორც ჩანს, არის რაღაც მიზეზები, რის გამოც არ მიკავშირდება. მე გავაგზავნი ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოში, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოსაზრებაც, როცა მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ", - ამბობს ლუდმილა დენისოვა.