"ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა პაციენტი. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მანვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა:
"საკმაოდ კარგად ვიცნობ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ჩვენ გარკვეული პერიოდი ერთად მოგვიწია მუშაობა, პარლამენტში 90-იანი წლების ბოლოს. ასევე, საქართველოს მთავრობაში, როცა ჯანდაცვის სამინისტროში, მათ შორის უმაღლეს პოზიციაზე მუშაობის პერიოდი იყო. სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით გვქონია ხშირად განხილვა, პოზიციების დაფიქსირება.
დაგიდასტურებთ, რომ მე ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ბატონ ნიკასთან. ერთად საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით მაშინდელ სამედიცინო ინსტიტუტში. შემდეგ ბატონი ნიკა მუშაობდა სამინისტროში იმ პერიოდში, როცა მე სამინისტროში მაღალი თანამდებობები მეკავა. დაგიდასტურებთ, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს მის დედასთან, ქალბატონ გიულისთან, რომლის უნივერსიტეტის დაარსებაშიც მაქვს წვლილი შეტანილი.
ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, რომელიც შეიქმნა, მის გამართვასა და დაარსებაში გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი. ბატონი მიხეილის ბებია, ნათელა წუწუნავა იყო ჩემი მასწავლებელი, როცა მე სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი და მასწავლიდა ჰისტოლოგიას. ასევე, მისი მეორე ბებია ქალბატონი მზია წერეთელი, რომელთანაც ასევე მქონდა საქმიანი ხანგრძლივი ურთიერთობა.
ასევე, მის ძმებთანაც ანუ ოჯახთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და ასევე, რა თქმა უნდა, მის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან, რომელთან ერთადაც საკმაოდ გლობალურ ჯანმრთელობის პროექტებთან დაკავშირებით მქონია ურთიერთობები. მან ჩემგან გადაიბარა გლობალური პროექტი შიდსის, ტუბერკულოზის და ა.შ. მიუხედავად ამ ახლო ურთიერთობისა, ბევრ საკითხში ჩვენი შეხედულებები შეიძლება იყო განსხვავებული და იყო განსხვავებული, ხანდახან ფუნდამენტურად. მაგრამ მე ამას ახლა არ ვეხები. მე პოლიტიკას არ ვეხები.
იცით, რომ ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი თანამდებობის, არ ვასხვავებთ რასობრივი, სქესობრივი და ა.შ. ნიშნებით ადამიანებს. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.
მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი 2011 წელს მიღებული პაციენტის უფლებების შესახებ კანონის, რომელიც იყო ერთ-ერთი დიდი გარღვევა მაშინდელი დემოკრატიზაციის პროცესში, სადაც პაციენტის უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე უზენაესი და მას უნდა უტარდებოდეს ყველა ტიპის და საჭირო სამედიცინო დახმარება. ამავე დროს, მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში სიკვდილით დასჯა გააუქმა. ამიტომ ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა როგორც თანამდებობის პირი ამირან გამყრელიძე, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, უკვე ის პერიოდია ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები,“- განაცხადა გამყრელიძემ.
"მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია და რომლის შემადგენლობაშიც ხუთი გამორჩეული ექიმია. ვიცნობ თითოეულ მათგანს და პატივს ვცემ. ისინი არიან და ზოგადად, ექიმები აპოლიტიკური ხალხია, პაციენტი ჩვენთვის პაციენტია. ამ კონსილიუმშიც და მეორე, ალტერნატიულ კონსილიუმშიც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან.
ჩემი წინადადება, სურვილი და მოწოდებაა, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის უკვე პაციენტია და იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, როდესაც საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები და დახმარება. მოგეხსენებათ, რომ შიმშილობის შემდეგაც გამოსვლის და რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ რთულია. დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება და რა ტიპის რეაბილიტაცია სად უნდა ჩატარდეს.
თუ შეიძლება პოლიტიკოსებმა, მედიამ პოლიტიკური საკითხები გვერდით გავწიოთ და ჯანდაცვის საკითხებზე დავკონცენტრირდეთ. ამის გადაწყვეტილება მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს და ამ შემთხვევაში, შექმნილ კონსილიუმს როგორც ერთ, ასევე მეორეს, შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება. კეთილი ვინებოთ და ეს დასკვნა აღვასრულოთ! თუ ისინი იტყვიან, რომ სჯობს პაციენტს ყველა კვლევა ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, დავუჯეროთ მათ. მე არ ვარ დიდი ხანია ციხის საავადმყოფოში ნამყოფი და თუ იტყვიან, რომ არა ბატონო, შეიძლება აქ ყველაფრის გაკეთება, ვენდოთ ექიმებს და პოლიტიკა ამ საკითხს ჩამოვაშოროთ, იმიტომ, რომ დღეს ის პაციენტია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.