ავტორი:

"სპეკულაცია ხდებოდა: სააკაშვილი კვდება, კვდება, კვდება - აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობა არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"სპეკულაცია ხდებოდა: სააკაშვილი კვდება, კვდება, კვდება - აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობა არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ოპოზიციური სპექტრის მიერ ამ პროცესისადმი სპეკულირება ხდებოდა და მუდმივად გვესმოდა - კვდება, კვდება, კვდება - მადლობა ღმერთს, აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობის პროცესი არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა და აქვს სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ "ყველა მოწოდებულია, სააკაშვილი შიმშილობით დამძიმდეს“.

"უკვე 50 დღე შესრულდება, რაც შიმშილის ქრონიკაა გამოცხადებული. სპეკულირება ხდებოდა ოპოზიციური სპექტრის მიერ ამ პროცესისადმი, მუდმივად გვესმოდა - კვდება, კვდება, კვდება... ეს ზაფრავდა საზოგადოებას და ყველა ადამიანზე მოქმედებს, რა პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა იყოს. მადლობა ღმერთს, აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობის პროცესი არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა და აქვს სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა. აგრეთვე გადაიყვანეს პრევენციულად ისეთ მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც ყველა პირობაა, რომ ნებისმიერი სახის გართულება წინასწარ მართული იყოს - დაწყებული რეანიმაციიდან, დამთავრებული სხვა ათასგვარი საშუალებებით“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ასევე სტაბილური იყო მაშინ, როდესაც ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს. კითხვაზე, რატომ გადაიყვანეს ის ჰოსპიტალში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყო, ქადაგიშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, "რისკი დამდგარიყო“.

"პატიმარი, რომელსაც შესაძლოა, ჯანმრთელობის რისკი დადგომოდა, გადაყვანილი იქნა პენიტენციური სისტემის იმ საავადმყოფოში, რომელიც მოწყობილი იყო მისი რისკების დაზღვევის შესაბამისად. როდესაც პატიმარი კატეგორიულ პროტესტს აცხადებს ყველაფერზე, გარდა გარეთ გამშვებისა, პენიტენციური სამსახური კანონის მოთხოვნის მიხედვით მოქმედებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის კვების ამსახველ კადრებს, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, ქადაგიშვილი ამბობს, რომ პენიტენციური სისტემა იძულებული გახდა "საზოგადოება ცოტა დაეწყნარებინა“.

"პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოება ცოტა დაეწყნარებინა - კი, ამ პატიმარს პოლიტიკურად გაცხადებული შიმშილობა აქვს, მაგრამ ეს შიმშილობის რეჟიმი გარკვეული კვებით და მკურნალობით რეჟიმშია მოქცეული, ამიტომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა მოწოდებულია, რომ ეს ადამიანი შიმშილობით დამძიმდეს. არავინ ამბობს, რომ არ იშიმშილოს. საჯაროდ უნდა მოუწოდონ, შეწყვიტე შიმშილობა, იმიტომ, რომ ამ შიმშილობით სარგებლობს არა თვითონ, ვინც შიმშილობს, არამედ ამით საზოგადოების დაზაფრვა და სიტუაციის ესკალაცია არის მიზანი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.