ავტორი:

მომწამვლელ ნისლში ჩაძირული ინდოეთი - დივალის ფესტივალის მძიმე შედეგი: რა ხდება ქალაქის ქუჩებში (ფოტოები)

მომწამვლელ ნისლში ჩაძირული ინდოეთი - დივალის ფესტივალის მძიმე შედეგი: რა ხდება ქალაქის ქუჩებში (ფოტოები)

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურების ხარისხმა სიცოცხლისთვის სახიფათო ნიშნულს მიაღწია. ქალაქის ქუჩები მომწამვლელი სქელი ნისლითაა დაფარული. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ განუსაზღვრელი ვადით დახურა ყველა სკოლა და კოლეჯი, ასევე 21 ნოემბრამდე აიკრძალა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს სატრანსპორტო და თავდაცვის პროექტებისთვის.

ამასთან ნახშირზე მომუშავე 11 ელექტროსადგურიდან მხოლოდ ხუთს აქვს ოპერირების უფლება.

როგორც BBC-ი წერს, დელი მომწამვლელმა ნისლმა დივალის ფესტივალის შემდეგ დაფარა. ფესტივალი კი მიუხედავად ჰაერის დაბინძურების ისედაც მაღალი მაჩვენებლისა და კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების საფრთხისა, მაინც გაიმართა.

მედიის ცნობით, უცნობია, თუ რამდენ ხანს იქნება ქალაქი ჩაკეტილი.

აღსანიშავია, რომ ჰაერის დაბინძურების საკითხი უკვე დიდი ხანია ინდოეთში მწვავე პრობლემაა. მიმდინარე წელს დაბინძურების ხარისხი ინდოეთში იმდენად სახიფათო ნიშნულზე ავიდა, რომ ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მკაცრად გააფრთხილა სხვადასხვა შტატის მთავრობა, რომ მიიღონ "გადაუდებელი ზომები“ პრობლემის მოსაგვარებლად.

ინდოეთის სხვადასხვა ქალაქები რეგულარულად დომინირებენ დაბინძურების მაჩვენებლის გლობალურ რეიტინგში. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევართა მოხსენების მიხედვით, ინდოელები სუნთქავენ 10-ჯერ უფრო მეტად დაბინძურებულ ჰაერს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში.