"მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს, მგონი, მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მის გამო მოშიმშილე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.
"სათანადო მოპყრობა და მკურნალობა-ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სხვა რა უნდა გავაკეთოთ? რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ? სასაცილოა არა?! 47% ავიღეთ, შანტაჟზე წამოვიდნენ. 46% ავიღეთ, კიდევ შანტაჟზე მოდიან. რამდენჯერ უნდა გავიმყაროთ ჩვენი ლეგიტიმაცია, რომ შანტაჟი შეწყვიტონ. მარტივად არის საქმე. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს იგივე ადამიანი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეში აყენებდა თავის დროზე, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო. ეს არის ერთადერთი კაცი - მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც არა მხოლოდ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხდებოდა, არამედ დღესაც, როდესაც საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შიმშილობენ. მიხეილ სააკაშვილი თითოეული მათგანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ეს არის სამარცხვინო ადამიანი, მან უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მის მიმართ გავხდეთ შედარებით ლოიალური, ოღონდ ლოიალურობაში არ იგულისხმება არაფერი, რაზეც ის ოცნებობს“,-განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, საერთოდ არ დასჭირდება არანაირი მკურნალობა, გარდა იმისა, რომ მან დოზირებულად უნდა მიიღოს საკვები.
"ყველამ კარგად იცის, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, არავითარი მაღალტექნოლოგიური ჩარევა არავის სჭირდება. გარდა ამისა, ერთადერთი კლინიკა საქართველოში, რომელსაც აქვს მოშიმშილეებთან მუშაობის გამოცდილება, სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია“,-განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ყველა ხედავს, რომ ოპოზიციის განცხადებები ფარსია.
"როდესაც ადამიანი ცდილობს, მარტივად მოგატყუოს და გეუბნება, იმის გამო არ წყვეტს შიმშილობას, რომ შიმშილობის შემდეგ მკურნალობა სჭირდებაო, ეს ისეთი აბსურდის თეატრია, საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს და ხვდება. ეს არის მიზეზი, რატომაც ისინი იმ მხარდამჭერებსაც კარგავენ, რომელიც შეიძლება მანამდე ჰყავდათ“,-განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და ქუჩაში აქციებით მუხტსაც ვერ შექმნის.
"პოლიტიკაში წარმატებას - საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც, სჭირდება ერთი და იგივე რამ, ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ამას თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში. აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას, - შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ქვეყნის კურსი იცვლება, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა.
"ესენი არიან ადამიანები, რომელთა ლიდერებიც არა მარტო ლანძღავდნენ კონკრეტულ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არამედ, ინსტიტუტებსაც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის, მელიას, გვარამიას განცხადებები და ა.შ. როდესაც ისინი საუბრობენ გამოგონილი კურსის ცვლილებაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ მათ, რომ ასეთი სპეკულაცია შეწყვიტონ“, - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებულ რისკებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს.
"კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რა რისკებია, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ, მე მგონია ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას. მხოლოდ იმიტომ, რომ ახირებული მოთხოვნაა, ამას ვერ დავუშვებთ. ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შეასრულოს, შეწყვეტს ის შიმშილობას და შეწყვეტს ელენე ხოშტარიაც. მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოსთან არის ღირებულებით კონფლიქტში და ზოგადად ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს.
"თქვენ იცით ზოგადად როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ და ნდობას რომ არ იმსახურებს ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, რომ ამ ჯგუფის ყველა წევრი არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება მათი არაერთი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს“, - განაცხადა კობახიძემ.