საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის გონების წასვლის შემდეგ, მის გადასარჩენად ექიმებმა „ძალიან იყოჩაღეს“.
"სააკაშვილი ახლა კარგად არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთებით, უნდა აღვნიშნო დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ, ჩემთვის გაუგებარია.
ჩვენთან შესახვედრად რომ შემოვიდა, მივხვდით რომ არ იყო კარგად და წამოსვლას ვაპირებდით, ზედმეტად ენერგია რომ არ დაეხარჯა ჩვენზე.
დღეს ცუდად იყო დილიდანაც და ამდენი ჩასვლა -ამოსვლა, ლაპარაკი... რამდენიმეჯერ თავი მაგიდისკენ მიჰქონდა, უჭირდა თავის დაჭერა საუბრისას. რომ გამოვდიოდით ჩვენ, გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა. სამწუხაროდ, აღმოვაჩინე ის, რომ ასეთ ვითარებაში სრული დამბლა მემართება. ეს არ ვიცოდი. მოკლედ, მოვიდნენ ექიმები.
ეს ყველაფერი საუკუნედ მომეჩვენა. აიყვანეს რეანიმაციაში, გაუგებარი ფერის იყო, თუმცა როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოვიდა და უკვე კონტაქტურია" - აღნიშნა გვარამიამ.