ავტორი:

ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 32 წლის ინალ არძინბა, რომელიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს კრძალავს: "საგარეო საქმეთა მინისტრი" რუსული ინტერესებით

ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 32 წლის ინალ არძინბა, რომელიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს კრძალავს: "საგარეო საქმეთა მინისტრი" რუსული ინტერესებით

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის ნოემბერში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დანიშნეს. "მინისტრად" დანიშვნის შემდეგ, რამდენიმე თვეშუ, მან უკვე მოახერხა ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის ფორმატების აკრძალვა და მოსკოვსა და სოჭში ვიზიტი. ასევე გაეროს გაუგზავნა წერილი, სადაც ორგანიზაციის დამკვირვებელ წევრად დე ფაქტო აფხაზეთის აღიარებას ითხოვს.

მან ასევე თბილისისგან ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერა მოითხოვა. ამით საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს. ინალ არძინბას თქმით, სოხუმი ამას პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

  • "მოვუწოდებთ საქართველოს, ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ. აფხაზეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ხალხს და მშობლიურ მიწას", - აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინალ არძინბას თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ადგილობრივთა აზრი თავიდანვე ორად გაიყო. ზოგიერთის მოსაზრებით, მისი რუსული კავშირების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რაც ბევრისთვის უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს - 32 წლის ინალ არძინბა დიდი ხანია აფხაზურ პოლიტიკაში აქტიური ფიგურაა, ოღონდ ყოველთვის კრემლისა და რუსეთის საპატრიარქოს ორბიტაზე ტრიალებდა.

არძინბა დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მრჩეველი იყო, უკრაინის მიმართულებით. ახალგაზრდა ინალ არძინბა უფრო იდეოლოგიური მიმართულებით არის აქტიური, რაც კარგად ესმით აფხაზეთში.

რეგიონში, სადაც წლებია საეკლესიო განხეთქილება აქტუალობას არ კარგავს, დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს რუსეთის პატრიარქის მარჯვენა ხელი, ბესარიონ აპლია, რომელიც წლებია ქადაგებს, რომ აფხაზური ეკლესიის გადარჩენა მხოლოდ რუსული ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ამ მოსაზრებას კატეგორიულად ემიჯნებიან დოროთეი დბარის (აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი) გარშემო შემოკრებილი ადამიანები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

შესაბამისად, მათთვის არც რუსეთის პატრიარქ კირილესა და ბესარიონ აპლიას შორის შუამავალი ინალ არძინბას კადრი იყო მისაღები, მით უფრო, საგარეო მიმართულებით.

ინალ არძინბა, აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მამამისი 90-იანი წლების ე.წ. ომის გმირი და ვეტერანი, ლეონ მეფის ორდენის კავალერია. დედამისი ბიზნესმენი, მანანა თარბა, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმია. ბიძამისი კი, "ვეტერანთა პარტიის ამცახარას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და აფხაზური ბატალიონის მეთაური იყო. ის 2003 წელს, მოსკოვში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

კრემლის კარზე გაზრდილ ინალ არძინბას აფხაზური მედია მაშინაც აპიარებდა, როდესაც რაულ ხაჯიმბას გადადგომა გარდაუვალი იყო. მოგვიანებით, მის ადგილას ასლნა ბჟანია მოვიდა და როდესაც ე.წ. პრეზიდენტი მოწამლეს, არძინბას გვარი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. რამდენიმე წლის წინ, ახალგაზრდა არძინბამ ახალი ოპოზიციური პარტიის "აფხაზეთის მომავალის" შექმნა დააანონსა, თუმცა, მაშინ მისი პოლიტიკური კარიერა ვერ შედგა. აფხაზები მის კანდიდატურას აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, ვინაიდან მაშინ ინალ არძინბა რუსეთის პატრიარქის, კირილის ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

უფრო ადრე კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის (აფხაზეთისა და"ე.წ. სამხრეთ ოსეთის"რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში) დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადისლავ სურკოვის ფავორიტი იყო. ასეა ახლაც... ქართულ მხარესთან დიალოგის საკითხებში, მისი პოზიცია მკვეთრად ხისტი და სეპარატისტული იყო.

"ჯერ გვაღიარონ, შემდეგ ვისაუბრებთ..." - 2015 წელს, არძინბა თავისი პოლიტიკური ხედვის, აქტიურობისა და ხისტი განცხადებების გამო, უკრაინამ სერგეი შოიგუს, ვლდისლავ სურკოვსა და სხვა პირებთან ერთად, შავ სიაში შეიყვანა.

აფხაზების ნაწილისთვის ის რუსული პოლიტიკისა და კრემლის ინტერესების გამტარებელ კადრად აღიქმება. აფხაზები მისი დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ინალ არძინბას დანიშნვით კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ალექსანდრე ანქვაბს პრემიერ-მინისტრის პოსტი სიმბოლურად უკავია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ პოსტზე რუსული კადრის დანიშვნას არ დაუშვებდა.

"ეტყობა, ანქვაბს კოვიდმა მძიმე კვალი დაუტოვა. სხვა ახსნას ვერ ვხედავ. ბჟანია კი, ერთ დროს მკაფიოდ პროაფხაზური კადრი, თანდათან კრემლის მსახურს ემსგავსება. რა სამწუხაროა, ამდენი იმედგაცრუება. დღესავით ნათელია, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად ხდება, ცოტა ხანში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკსაც შევწყვეტთ..."

"ბჟანიამ ინალ არძინბას პერსპექტიული ინვესტიცია უწოდა - რაში გამოიხატება? რუსეთმა დაგვინიშნა მინისტრი, რომელიც მინისტრიც იქნება, პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც. ახალგაზრდა არძინბას კი, აფხაზური და მით უფრო მისი დიდი წინაპრისგან გამოყოლილი მხოლოდ გვარი შემორჩა. გულსატკენია, რომ ბჟანია საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის".

"რუსეთი ვა-ბანკზე წავიდა... კრემლში ჩვენს რეაქციას ტესტავენ. ახლა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა დაანახონ მთავარ მოკავშირეს, რომ აფხაზეთი კადრებს სხვისი კარნახით არ ნიშნავს".

ნახეთ ასევე: