ავტორი:

"სააკაშვილს აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები... საკვებს იღებს სქემის მიხედვით" - ექიმი ნინო შარაშენიძე

"სააკაშვილს აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები... საკვებს იღებს სქემის მიხედვით" - ექიმი ნინო შარაშენიძე

პაციენტის მდგომარეობა უკეთესია, შესაძლებელია განხორციელდეს ლაბორატორიული მონიტორინგი, კვებითი რეჟიმი მკაცრად არის გაწერილი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ნინო შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნინო შარაშენიძემ გორის სამხედრო ჰოპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, პაციენტს ამ ეტაპზე გარკვეული ჩივილები აქვს.

"ჩვენ ჩამოვედით, რათა შეგვეფასებინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია. უტარდება აბსოლუტურად ადეკვატური თერაპია, ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის მიერ. ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები. ამ პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი.

პარალელურად რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც იყო ექიმი, ნუტრიციოლოგი, გასტროენტეროლოგი ინგა გვარმიანი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში,როგორ უნდა მოვიქცეთ. ელენე გიორგაძემ დასახა მკურნალობის, ანუ კვებითი რეჟიმის ახალი ტაქტიკა. სანდრო ცისკარიძემ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი. შევეცდებით, რომ ყოველდღიურად ეტაპობრივად მოგაწოდოთ ინფორმაცია. აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია. ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომელიც ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება. საკვებს იღებს სქემის მიხედვით, იმიტომ,რომ მოგეხსენებათ, კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს. სწორედ ამიტომ დეტალურად დაიწერა კვების რეჟიმი, რომელსაც ზედმიწევნით შეასრულებენ“,- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

ექიმის განმარტებით, კვლევის შედეგები არის ნორმალური, გაუმჯობესებული.

"ჩვენ რომ ველოდებოდით, შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება, სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში. იმედი მაქვს, რომ შეძლებისდაგვარად გავუმკლავდებით ამ პრობლემას და ეტაპობრივად, სათანადო მოვლის პირობებში კლინიკური მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები სრულად კორეგირდება. ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს,რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა შარაშენიძემ.