სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო მხოლოდ 1-ელ დეკემბრამდე იქნება. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, მოქალაქეების აქტიურობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დაბალია და ამ დროისთვის მხოლოდ 95 ათასამდე დოზა არის გამოყენებული. მისივე ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს.
“ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპის ვაქცინა განსაზღვრული იყო რისკ ჯგუფებისთვის. აღნიშნული ჯგუფები თავდაპირველად შედარებით შეზღუდული იყო, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო გავაფართოვეთ.
რისკ ჯგუფებში ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, ორსულები, დიაბეტის, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, სკოლის მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები. შემდეგ ჩამონათვალში რისკ ჯგუფების ოჯახის წევრებიც შევიყვანეთ.
სამწუხაროდ, არ მოვიდა ბევრი მოქალაქე, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე არ არის მოტივირებული საზოგადოება. დახარჯულია 95 ათასამდე დოზა, შესყიდული კი 200 ათასი დოზა გვაქვს.
ჩვენ შევიტანეთ ბრძანებაში ცვლილება და გრიპის ამცრელმა ყველა დაწესებულებამ იცის, რომ შეზღუდული დროის განმავლობაში, პირველ დეკემბრამდე ნებისმიერი მოქალაქე უნდა აცრან გრიპის საწინააღმდეგო სახელმწიფო ვაქცინით.
შევხედავთ როგორი იქნება მოქალაქეების აქტივობა და ამის შემდეგ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, გარკვეული მარაგი ინახება ორსულებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულების აცრა და მარაგიც იქნება. დანარჩენ რისკ ჯგუფებს შევხედავთ, როგორ იქნება ხარჯვა ამ 10 დღის განმავლობაში“,- აღნიშნავს გამყრელიძე.