თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ცოცხალი ჯაჭვი ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი ვარდები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “საქართველო”, “მიშა", "თავისუფლება მიშას".
მათივე თქმით, აქციით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე განმარტავს, აღნიშნული პერფორმანსით კიდევ ერთხელ აჩვენებენ მსოფლიოს, რომ დღევანდელი დღე კიდევ აქტუალურია.
„საინიციატივო ჯგუფს აქვს ღონისძიება, რომელსაც სიამოვნებით ვუერთდებით. ეს არის პერფორმანსი, რითიც კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ დღევანდელი დღე, რომელიც ცვლილებებთან და რეფორმებთან ასოცირდება, კიდევ აქტუალურია. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, რომელიც მიახლოებული იქნება ევროპულ სტანდარტთან, რომლისკენაც მივისწრაფვით",- აღნიშნავს დოლიძე.
თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.