იაპონიის პრინცესა მაკო და მისი არადიდგვაროვანი მეუღლე, კეი კომურო, უკვე 1 კვირაა, რაც საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდნენ და ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან ახალ გარემოს.
მაკო საყიდლებზე მარტო გაეშურა და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში თითქმის 2 საათი დაჰყო. კლასიკური სამოსისგან განსხვავებით, რომლითაც იაპონიაში ყოფნისას იმოსებოდა, ახლა თავისუფლად ეცვა: ჯინსი, მაისური და პალტო.
პაპარაცებმა დააფიქსირეს, რომ პრინცესას ნიუ იორკის ქუჩებში გზა აებნა და დაიკარგა. 30 წლის დიდგვაროვანს რამდენჯერმე გამვლელების გაჩერება და მიმართულებების კითხვაც კი მოუწია.
ქუჩაზე წინ და უკან დადიოდა,სანამ გზა არ გაიკვლია. პრინცესას სახეზე აღელვება არ ეტყობოდა და მშვიდად განაგრძობდა გადასასვლელებზე ნიშნების თვალიერებას.
საბოლოოდ, მაკომ საცხოვრებლამდე მშვიდობით მიაღწია, სადაც კეი კომურო ელოდებოდა, რათა ჩანთების სახლამდე ატანაში დახმარებოდა.
წყვილის მანჰეტენზე ნაქირავებ, 1-საძინებლიან ბინაში ცხოვრობს. მართალია ბინა პატარაა, მაგრამ თავად შენობა ძვირადღირებული საცხოვრებელი აპარტამენტებისგან შედგება და მაცხოვრებლებს ისეთ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა ფიტნეს-ცენტრი, იოგას სტუდია, შიდა სპა, გოლფის სიმულატორის განყოფილება, მაგიდის ჩოგბურთი, ბიბლიოთეკა და ტერასა ბარბექიუსთვის.
ამავე შენობის ვებსაიტის მიხედვით, 1-საძინებლიანი ბინის ყოველთვიური ქირა 4,809$-დან იწყება.
თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კეი კომურამ ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა ვერ ჩააბარა. იაპონური მაუწყებლის - NHK-ის მიხედვით, კეი მეცადინეობის გაგრძელებას და გამოცდებში ხელახლა ბედის ცდას გეგმავს.
მოამზადა ანა სიბოშვილმა