"დროებით შეჩერებული ცეცხლი" - ასე აფასებენ სომხები მთიანი ყარაბაღში არსებულ ვითარებას. სომხები მიიჩნევენ, რომ პერიოდულად ჩაწყნარებული ვითარება მათ მოწინააღმდეგე მხარეს აძლევს ხელს, რათა ახალი გადალაგებისთვის მოემზადოს, თან ისე იმოქმედოს, რომ სომხეთს უკანდასახევი გზა არ დაუტოვოს.
ახლახანს ქვეყანაში ვითარება ფაშინიანის განცხადებამ დაძაბა - სომხეთის ხელისუფლებამ პუტინის მთავრობას სთხოვა, რომ სომხეთ-თურქული ურთიერთობების დალაგების საკითხში შუამავლობა გაუწიოს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ვან უნანიანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთის რამდენიმე პარტნიორი, მათ შორის რუსეთი, მზადაა სომხეთისა და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში.
"რუსეთს უკვე ვაცნობეთ, რომ სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესი წინასწარი დათქმების გარეშე დავიწყოთ. თუ ეს პროცესი დაიწყება, მას გავასაჯაროვებთ კიდეც..." - განაცხადა უნანიანმა.
ამ ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილში უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტები ერევნის ცენტრში შეიკრიბნენ და სომხეთის ხელისუფლებას ამერიკის მოკავშირეობა მოსთხოვეს. ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაცია "ეროვნული დემოკრატიული პოლუსის" მომხრეები, რომელთა შემადგენლობაში შედიან "სასნა წრერი", სომხეთის ევროპული პარტია და სხვა პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეები, მოსკოვთან დადებული შეთანხმების გადახედვას ითხოვენ.
მათ ამერიკის საელჩოს წინ, სომხეთისა და ამერიკის დროშების თანხლებით აქცია გამართეს მოთხოვნით: "ამერიკა - ხალხის მაშველი! ვაღიარებთ ამერიკის, პრეზიდენტ ვილსონის მიერ დაწესებულ საზღვრებს და არა საბჭოთა უკანონობას! ფაშინიანის გამყიდველი რეჟიმი არ წარმოადგენს ხალხის სურვილს!".
აქციის მონაწილეებს ხელში ამერიკის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის პორტრეტები ეჭირათ, რომელმაც მათი ცნობით, 1920 წელს რეგიონის რუკა შეადგინა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამერიკის საელჩოსთან იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მალე სწორედ სომხეთის პირველი რესპუბლიკის დროინდელი საზღვრების აღდგენის მოთხოვნით პეტიციის გავრცელება დაიწყება. ისინი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ სომხეთის პირველ რესპუბლიკას ჰქონდა საერთაშორისო აღიარება. პეტიციში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთის მოკავშირე უნდა გახდეს.
"პოლუსის" საბჭოს წევრი ვაგ გასპარიანი სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ მხოლოდ ამერიკის დახმარებით შეიძლება სომხეთმა რუსეთის გავლენას თავი დააღწიოს...
"დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რეგიონში გავლენების შესანარჩუნებლად მათი შეიარაღებული ძალების აქ ყოფნაა საჭირო, ვიდრე ამას თურქეთი დაასწრებს. ზუსტად ამის გამორიცხვას ემსახურებოდა რუსეთისა და ქემალის თურქეთის აგრესიული ნაბიჯები, მათი შეიარაღებული ძალები უკანონოდ იკავებენ სომხეთის ტერიტორიას, ოკუპაცია ანექსიად გადააქციეს... არ დავთმობთ ე.წ. "ზანგეზურის დერეფნებსა" და არც რუსეთის რუკით განსაზღვრულ დემარკაციას" - აცხადებს გასპარიანი.
"პირველ რიგში ფაშინიანის გუნდმა მოსკოვთან შეთანხმების გარეშე უნდა დაიწყოს მაღალ თანამდებობებზე კადრების დანიშვნა. მოვითხოვთ სამულე ბაბაიანის გენერალური შტაბის უფროსად დანიშვნას და არც გვაინტერესებს რუსეთის რეაქცია. ეს ჩვენი ქვეყანაა და ერთხელ და სამუდამოდ, შვეგვეშვით!.." - წერს კიდევ ერთი აქტივისტი გორ არმათუნი.
"დაგვანახონ, რომ ამერიკისკენ, დასავლეთისკენ მივდივართ და შემდეგ მზად ვართ, თურქეთის ხელმძღვანელთან შესახვედრად და სასაუბროდ, რადგან გვეცოდინება, რომ ამერიკა, რუსეთისგან განსხვავებით არ გვიღალატებს, თავისი ინტერესების სასარგებლოდ. ფაშიანინი თუ ღია მხარდაჭერას და მორჩილებას გამოუცხადებს კრემლს, ისიც ისევე დაკარგავს მხარდაჭერას, როგორც მისმა წინამორბედებმა. სომხეთში ასე ღიად ანტირუსული გამოსვლები არასდროს ყოფილა და ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, ან გავივლით ან გადავცვივდებით" - ამბობს AMBEBI.GE -სთან საუბარში ჰასმიკ აბრამიანმა.