ავტორი:

"ჩვენ - 30 ამბავი“ - "გლადა ჰუდიკ თეატრის“ ქართული პროექტი

"ჩვენ - 30 ამბავი“ - "გლადა ჰუდიკ თეატრის“ ქართული პროექტი

"ადამიანებს ვერ დაეხმარები იმით, რომ ისინი გეცოდებოდნენ, დაეხმარები მხოლოდ პატივისცემის გამოხატვით და მათი სერიოზულად აღქმით“ - ეს პერ იოჰანსონის - მსახიობის და "გლადა ჰუდიკ თეატრის“ დამაარსებლის სიტყვებია, რომლითაც ამავე თეატრის საქმიანობის ამსახველი წიგნის კარი იღება.

1996 წელს,შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალში, პერ იოჰანსონმა უჩვეულო თეატრი დააარსა. თუმცა, თეატრის მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპად ქცეული "უჩვეულობის“ ჩვეულებრივ მოვლენად წარმოჩენა, ამ სტიგმებისა და სტერეოტიპების საზოგადოების ცნობიერებაში დამსხვრევა იყო.

თეატრის დასი ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობებისგან შედგება. თეატრალურ საქმიანობასთან ერთად "გლადა ჰუდიკ თეატრის“ ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა. პროექტი ხორციელდება "შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.

"გლადა ჰუდიკ თეატრი“ სხვადასხვა ღონისძიებებს და პროექტებს, საერთაშორისო მასშტაბით, წარმატებით ახორციელებს. მისი სამიზნე აუდიტორია მრავლისმომცველია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ ბავშვებს, მოზარდებს, რადგან სწორედ მათი სწორად ინფორმირებიდან და ჯანსაღი აზროვნებიდან იწყება საზოგადოების ფორმირებაც.

2020 წლიდან ამ მნიშვნელოვან ღონისძიებებში საქართველოც ჩაერთო - თბილისი, ბათუმი, ხარაგაული, გურჯაანი, ხაშური და სხვ. ამ ქალაქებში, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ნახულობენ ფილმს "რამდენი მოცვია ამქვეყნად?“, მათთან ერთად განიხილება კონკრეტული საკითხები, როგორიც არის გარიყულობა, დისკრიმინაცია, ჩაგვრა, ბავშვის უფლებათა კონვენცია; ეწყობა გამოფენები და პრეზენტაციები. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ნებისმიერ სკოლას შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩაერთოს პროექტის საქმიანობაში.

სწორედ "გლადა ჰუდიკ თეატრის“ ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროექტია ფოტოწიგნი "ჩვენ - 30 ამბავი“, რომლის გმირებიც საქართველოში მცხოვრები შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან. პროექტის ხელმძღვანელია ანუკი სტურუა, ფოტოწიგნის ავტორები კი არიან მწერალი არჩილ ქიქოძე და ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე.

წიგნში 30 პერსონაჟის თავგადასავალი ფოტო და ტექსტურ ჩანახატებადაა თავმოყრილი. არჩილ ქიქოძის შთამბეჭდავ, სულისშემძვრელ ტექსტებს ლევან ხერხეულიძის მიერ შექმნილი ფოტოპორტრეტები ერთვის და საბოლოოდ, ისეთ გალერეას ქმნის, რომელიც გულგრილს ვერც ერთ მკითხველს ვერ დატოვებს.

წიგნის მიზანიც ესაა - ემპათიის და სწორი ხედვის გაჩენა საზოგადოებაში. კრებულის გმირები სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები არატიპური განვითარების ადამიანები არიან. მათ ბევრი სირთულე გადალახეს, თუმცა თითოეული მათგანი უკვე ფლობს თავის წილ საიდუმლოს, რაც სამომავლო სიძნელეების გადალახვისას დაეხმარებათ. ეს საიდუმლო კი, კენჭებივით სულაც არ ყრია, მათ პოვნაში ზოგს ოჯახი დაეხმარა, ზოგს სწორი გარემო, ზოგს კი საკუთარი თავი - დიდი ძალა, იმედი და რაც მთავარია, სიცოცხლის სიყვარული.

ამ წიგნში სწორედ ამ სიყვარულს შეეხებით - ყველაზე ნამდვილს, ყველაზე დაუნდობელ ბრძოლაში გამოცდილს, ნატკენს, მაგრამ ზუსტად ტკივილით გაძლიერებულს; სიყვარულს, რომელსაც აღდგომის ძალა აქვს - სიცოცხლის მთავარი ნიშანი.

30 ფოტოამბავი მათი გმირების ოცნებებსაც იტევს. ზოგს მსახიობობა უნდა, ზოგს ლეკვი, ზოგიც, უბრალოდ, იმაზე ოცნებობს, რომ ლაპარაკის უფრო განვითარებული უნარი ჰქონდეს, სიტყვების წარმოთქმა არ უჭირდეს და გაუთავებლად იქაქანოს ნაცნობებთან თუ უცნობებთან...

ამ მხიარული, სიცოცხლით სავსე, ფერადი და საყვარელი ადამიანების მკაფიო პორტრეტებს მიღმა, ნაღვლიან ლაქებად საზოგადოების სურათიც ილანდება. იმ საზოგადოებისა, რომელსაც დღემდე უჭირს მათი ბოლომდე მიღება, მათი სრულუფლებიან და სრულფასოვან ადამიანებად აღქმა... ეს ლაქები მათ ცხოვრებას ეკლებივით ჩხვლეტს და ვერდავიწყებულ ნაწიბურებს უტოვებს. ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, ალბათ საკუთარ თავთანაც გამართავს დიალოგს, ალბათ თვითონაც დაინტერესდება, მსგავს სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა, რას იგრძნობდა, რა შეაშინებდა ან გაახარებდა...

პროექტის "ჩვენ - 30 ამბავი“ ფარგლებში მომზადდა ასევე ფოტოგამოფენა (ამავე სათაურით). გამოფენის მიზანიც იგივეა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. გამოფენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა.

ამ პროექტების წყალობით, ფოტოწიგნის პერსონაჟები უკვე ბევრმა გაიცნო და მათი შეყვარებაც მოასწრო. ეს ორმხრივი სიყვარულია - ზაქარიას, სესილის, რომას, მარიამს თუ ერეკლეს, ეკას თუ სანდროს, ამ სიყვარულის გაზიარების ყველაზე დიდი უნარი აქვს და ადამიანის გულამდე მისასვლელი ისეთი გზებიც იციან, რაც შესაძლოა ბევრ ჩვენგანს არც დაესიზმროს.

ამიტომაა კარგი ერთმანეთის სიზმრების ყურება, ერთმანეთის ამბების კითხვა და ერთმანეთის პორტრეტების სიყვარულით თვალიერება...

იხილეთ დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაიღეს ვანო არსენიშვილმა და ნინო ორჯონიკიძემ

ავტორი: ნინო სადღობელაშვილი