ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
უწყების რეკომენდაციის თანახმად, აღნიშნული ასაკის ბავშვებს ვაქცინის 10 - მიკროგრამიანი დოზით, ორჯერ, სამი კვირის შუალედით აცრიან.
"ვაქცინის 5-დან 11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების სარგებელი აღემატება რისკებს“,- ნათქვამია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებაში.
ვაქცინის გამოყენება საბოლოოდ ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც, როგორც წესი, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციას ითვალისწინებს.
"დღევანდელი რეკომენდაციით აშკარაა, რომ "ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და შეუძლია მათ დამატებითი დაცვა შესთავაზოს“, - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა.
ცნობისათვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის "ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 12-17 წლის ბავშვებში გამოყენება მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცეს.