მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე როგორც მინიმუმ და ვნახავთ, რა იქნება ორშაბათს, შემდეგ კი, მას პროტესტის უფლებას ვერავინ ვერ წაართმევს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ 29 ნოემბერს დაესწროს სასამართლო პროცესს და წარსდგეს ქართული საზოგადოების წინაშე.
"ბუნებრივია, მე ვერ შევაფასებ სამედიცინო კუთხით, მაგრამ ის არის საკმაოდ სუსტად, თუმცა, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის იმ დონის ცუდად ყოფნა, იმ დონის სისუსტე, რომ მას ხელი შეეშალოს და ვერ შეძლოს სასამართლო პროცესზე გამოცხადება და დასწრება. პირიქით, მას აქვს სურვილი, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს და წარსდგეს ქართული საზოგადოების წინაშე და არა სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება ულტიმატუმს, ჩვენ დღეს მიხეილ სააკაშვილს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ორშაბათს არის პროცესი. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო და ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი არგუმენტი მივცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე როგორც მინიმუმ და ვნახავთ რა იქნება ორშაბათს, შემდეგ კი მას პროტესტის უფლებას ვერავინ ვერ წაართმევს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებდნენ, დღეიდან უარს იტყოდა მკურნალობის კურსზე და მიიღებდა მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც დაკავებამდე ჰქონდა გამოწერილი.