ავტორი:

"შავმა პარასკევმა“ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მომავალი 2 კვირის განმავლობაში ეპიდვითარებაზე" - ამირან გამყრელიძე

"შავმა პარასკევმა“ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მომავალი 2 კვირის განმავლობაში ეპიდვითარებაზე" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია, თუმცა, სტაბილიზაციის მცირედი ნიშნებიც არის.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნიღბის ტარების მაჩვენებელი 28%-ზე იყო ჩამოსული და თუ მოსახლეობა ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებასთან ერთად, რეგულაციებს არ დაიცავს, შესაძლოა სიტუაცია კვლავ გართულდეს.

"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია. სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები შეინიშნება, პირველი ის, რომ სიტუაცია არ უარესდება და შემთხვევათა რაოდენობა არ მატულობს. პირველად, დღეს არის, რომ ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცდა, ასევე რეპროდუქციის ინდექსი ერთზე ნაკლებია უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ მაღალ ციფრებზე. მოგეხსენებათ, დღესაც ინფიცირების 3333 შემთხვევაა ქვეყანაში და სამწუხაროდ, 56 გარდაცვლილი.

აცრების მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია, ბოლო დღეების განმავლობაში იყო 10 ათასი აცრა ყოველდღიურად, რაც კარგა ხანია არ გვქონია, გუშინ 6500 აცრა ჩატარდა, ესეც წინა შაბათ დღესთან მიმართებით მომატებულია, მაგრამ მაინც ცოტაა. დღეში სულ მცირე 20-25 ათასი აცრა გვჭირდება, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ და ეპიდემიის შეკავების ტენდენცია გაჩნდეს. ჯერჯერობით, ყველა ის მოწოდება, რაც ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს შეეხება, ძალაში რჩება. პირველ რიგში, ეს არის აცრების გაფართოება, რეგულაციების დაცვა. სამწუხაროდ, 28%-ზე იყო ჩამოსული ნიღბის ტარების მაჩვენებელი. თუ ეს არ გავაკეთეთ, ინფიცირების ზრდა გარკვეული პერიოდულობით იქნება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ადამიანების დიდი თავშეყრა შემთხვევების მატების თვალსაზრისით გარკვეული რისკის შემცველია და შესაძლებელია ე.წ. შავი პარასკევის დროს ხალხმრავლობაც ეპიდვითარებაზე უარყოფითად აისახოს.

"შავმა პარასკევმა“ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მომავალი 2 კვირის განმავლობაში ეპიდვითარებაზე. ყოველი ასეთი დიდი თავშეყრა, იქნება ეს "შავი პარასკევი“, მიტინგი, ქორწილი თუ ქელეხი, ყველაფერი ეს უარყოფითად მოქმედებს ეპიდვითარებაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა ისიც, რომ გადასახედია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს.

"დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს. ვემხრობი იმ პოზიციას, რასაც ექსპერტთა უმრავლესობა აჟღერებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავიდანვე აჟღერებდა ამ პოზიციას, რომ ის უნდა იყოს შემოფარგლული სულ მცირე ერთი წლით, მაგრამ უკეთესია იყოს 6 თვით, რაც ქვეყნების უმრავლესობაში არის მიღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.