ავტორი:

"კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ "პირველი არხის" თანამშრომლებს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც იკადრეთ" - "მოამბის" პროდიუსერი სააკაშვილს

"კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ "პირველი არხის" თანამშრომლებს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც იკადრეთ" - "მოამბის" პროდიუსერი სააკაშვილს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკეთებულ განცხადებას "მოამბის" მთავარი პროდიუსერი ნათია თოიძე ეხმაურება.

ის მოუწოდებს სააკაშვილს ბოდიში მოუხადოს, საქართველოს "პირველი არხის" თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც მან "სასამართლოზე იკადრა".

"ბატონო უკრაინის მოქალაქევ! საქართველოს პირველი არხი, რომლის პირდაპირ ეთერშიც ახლა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, დიახ, ემსახურება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. თქვენი სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ შენობიდან, რომელშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთ ჟურნალისტს ფეხი არ დაუდგამს, გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

ალბათ არავინ გაგაგებინათ, და ჩემგან იცოდეთ - უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკოსებმა, დაკარგეს პირველი არხი. პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, "დოკუმენტურ ფილმებს" და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები, ე.წ. ვიორსტკებს აღარ და ვეღარ წერენ თქვენი თანაგუნდელები (სხვათა შორის ვერც სხვისი).

კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ. ბოდიში მოუხადეთ ირაკლი გედენიძეს, თქვენს ყოფილ ფოტოგრაფს და ახლა პირველი არხის ფოტორეპორტიორს, რომელიც 26 მაისის ფოტოების გადაღების და გავრცელების გამო, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეთ, და ახლა თქვენს წინ დგას და მსჯავრდებული სააკაშვილის ფოტოებს იღებს, რათა ისევ მთელ მსოფლიოს აჩვენოს...." - წერს თოიძე "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ენდობა.

"მე ვარ უკრაინის მოქალაქე. იქ არის 50-მილიონიანი ქვეყანა, სადაც ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვარ. უკრაინა ვერ იქნება მხოლოდ ერთ არხზე დამოკიდებული. პირველი არხი რას ამოჭრის, 10 წამს თუ 20-ს, ასე ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მომეცით საშუალება, ქართველ ხალხს მივმართო დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ამას „ბიბისი“, „ფოქსი“ და სხვები წაიღებენ. მე როცა უკრაინაში ვიყავი, წინა პრეზიდენტმა სცადა ჩემი გასამართლება. ამაზე სამჯერ პატარა დარბაზში მინიმუმ 50 კამერა იყო. შეგიძლიათ ნახოთ. აგერ ხატია დეკანოიძე, რომელსაც ახსოვს ეს. ეს არავიში არ იქცევდა განცვიფრებას. რაც ხდება აქ, აფრიკულ ქვეყანაში ვართ თუ ჩრდილო კორეაში? სახელმწიფო არხი, სუს-ი რომელსაც დაჭრის მერე, უკაცრავად, არ ვენდობი. ჩემს ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, თუ არ გესმით. ლია, თქვენ თვითონ თქვით ორი კვირის წინ მყავდა ორი არხიო ადგილზე, რა დისკრიმინაცია არის ეს?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.