"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო - იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის უნდა დარჩეს" - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის ემზადება.
"სუსტად არის, ძირითადად ზის. სასამართლოში მისი გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ბევრი რამ ისეთი გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი და იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის არ უნდა დარჩეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფინანსდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის შვილის ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.
"ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მზად იყო ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა. აი, ასეთი ადამიანია“ - აღნიშნა გიული ალასანიამ.