„ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას, უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 წლის ვადით სრული აკრედიტაცია მიენიჭა. პროგრამული აკრედიტაცია გულისხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტებით პროგრამის შეფასებას.
,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო აკრედიტაცია, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. აკრედიტაციის მინიჭებით დასტურდება დაწესებულების მზაობა და პოტენციალი ჰქონდეს კონკურენტუნარიანი, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამა. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა განახლდა შრომის ბაზრის მოთხოვნების, წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითა და მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პრაქტიკოსი ლექტორების მაღალი ჩართულობით. შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭომ დაადგინა პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობა და მიანიჭა სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით, რაც პირველ რიგში, აისახება უნივერსიტეტზე, როგორც განათლების ხარისხის განვითარებაზე მუდმივად ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტებზე, რომლებიც ისარგებლებენ პროგრამით უზრუნველყოფილი უპირატესობებით, რაც დაეხმარებათ მათ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და ქართულ და საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე წარმატებით დასაქმებაში“. - აღნიშნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა პროფ. ქეთევან ცხადაძემ.
„ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი კადრი, რომელსაც ექნება სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში: საერთაშორისო უსაფრთხოება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, საერთაშორისო ურთიერთობების ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები, რეგიონული კონტექსტები, მმართველობასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
შეგახსენებთ, რომ აკრედიტაცია არის აკადემიური პროგრამის შეფასება, რომელიც განსაზღვრავს მის შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან: საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლების მეთოდოლოგია, სტუდენტთა მიღწევები, სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა და სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
„ალტე უნივერსიტეტის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.alte.edu.ge/ka
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/VS0I_bW1G-0" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
R