ავტორი:

ქრისტიანული არხის დამფუძნებელი, ცნობილი ანტივაქსერი მარკუს ლამბი კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა

ქრისტიანული არხის დამფუძნებელი, ცნობილი ანტივაქსერი მარკუს ლამბი კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა

ქრისტიან-ევანგელური ეკლესიის წარმომადგენელი, ქრისტიანული სატელევიზიო არხის თანადამფუძნებელი, მარკუს ლამბი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ანტივაქსერი იყო, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ოჯახმა გაავრცელა.

ლამბმა ქრისტიანული სატელევიზიო არხი, Daystar Television 1997 წელს დააარსა.

გარდაცვლილის ცოლის თქმით, მარკუსს დიაბეტი ჰქონდა, სხვა მხრივ კი ჯანმრთელი იყო. კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც კორონავირუსით დაინფიცირდა.

"მას ჰქონდა დიაბეტი, მაგრამ ძალიან ჯანმრთელი იყო, ჯანსაღად იკვებებოდა, ინარჩუნებდა წონას და იდეალურად აკონტროლებდა შაქრის დონეს“, - ამბობს მისი მეუღლე.

მარკუს ლამბი თავის შოუში ხშირად საუბრობდა კოვიდვაქცინების საწინააღმდეგოდ. ამბობდა, რომ რეალურად, Covid-19-ის ვაქცინა ექსპერიმენტული და ძალიან საშიში იარაღი იყო. ის ამტკიცებდა, რომ ვაქცინაციის შედეგად, ადამიანები იღუპებოდნენ, ან ნევროლოგიური აშლილობა ემართებოდათ. სატელევიზიო ეთერში იწვევდა კორონავირუსის ვაქცინის მოწინააღმდეგეებს და ანტივაქსერულ პროპაგანდას ეწეოდა.

აღსანიშნავია, რომ მარკუს ლამბის ვაჟმა ჯონათანმა, მას შემდეგ რაც მარკუსი კორონავირუსით დაინფიცირდა, თქვა, რომ ეს იყო "მტრის სულიერი თავდასხმის“ შედეგი.

ცნობისთვის, კორონავირუსმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. შექმნილია სხვადასხვა ვაქცინები, რომელთა ნაწილიც აღიარებული და ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მეცნიერების, სპეციალისტების განცხადებით, ვირუსის გართულებისგან და გარდაცვალების რისკის შემცირებისგან ვაქცინაცია ამ დროისთვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.