თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა პიჯაკები მიიტანეს და განმარტეს, რომ ამგვარი პერფორმანსით ისინი აპროტესტებენ სასამართლოში დღეს დანიშნულ პროცესს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებას ეხება.
აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება არ ჰქონდათ სასამართლოს ეზოში შესულიყვნენ, ახლა ეს შეზღუდვა მოხსნილია და აქციის მონაწილეები არიან როგორც სასამართლოს ეზოში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. სასამართლოს შენობის ირგვლივ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
გარდა ამისა, სასამართლო შენობის გარე პერიმეტრზე განთავსებულია სცენა.