ავტორი:

"სასამართლო შენობაში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სხდომა დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით... მე არ მაქვს დრო საათობით დამაყუდონ სადღაც სარდაფში" - მიხეილ სააკაშვილი

"სასამართლო შენობაში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სხდომა დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით... მე არ მაქვს დრო საათობით დამაყუდონ სადღაც სარდაფში" - მიხეილ სააკაშვილი

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება. სასამართლო სხდომა უკვე დაიწყო, რომელსაც ექსპრეზიდენტიც ესწრება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 13 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, კერძოდ, 8.837.461 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხის ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯი.

სააკაშვილის დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის მცირე დაპირისპირების შემდეგ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა სიტყვა ბრალდებულ ექსპრეზიდენტს გადასცა. მანამდე ჰკითხა, სურდა თუ არა, შესვენების გამოყენება, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა და განაცხადა:

"მე არ მივამართავ სასამართლოს, ხედავთ, რომ ივანიშვილს ეშინია, რომ ველაპარაკო საზოგადოებას... ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მალაპარაკონ. მინდა მივესალმო, პრესის წარმომადგენლებს, მინდა, დიდი მადლობა გითხრათ, რადგან დღეს თუ ცოცხალი ვარ, ამაში თქვენი დიდი წილია, ვხედავ, რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი, ნაკლებად კრიტიკულიც კი, როდესაც ეს მნიშვნელოვან საქმეს შეეხება. სასამართლო შენობაში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო სხდომა დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით, თქვენ ალბათ გაქვთ დიდი დრო, მაგრამ მე არ მაქვს... მე ვარ უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირი, პოლიტიკური პირი, მაქვს ჩემი დღის წესრიგი და არ მაქვს დრო საათობით დამაყუდონ სადღაც სარდაფში. არ შეიძლება საზოგადოებას მოეპყრო ასე უპასუხისმგებლოდ... თქვენ აკეთებს ყველაფერს ისე, რომ ეს იყოს ხელისუფლებისთვის კომფორტული და არა ხალხისთვის".