ავტორი:

გოგონამ, რომელიც მიიჩნევს, რომ არ უნდა დაბადებულიყო, დედის ექიმს უჩივლა და საქმე მოიგო - კომპენსაციის სახით ის მილიონობით დოლარს მიიღებს

გოგონამ, რომელიც მიიჩნევს, რომ არ უნდა დაბადებულიყო, დედის ექიმს უჩივლა და საქმე მოიგო - კომპენსაციის სახით ის მილიონობით დოლარს მიიღებს

ევი თუმბსი 20 წლის გოგონაა ბრიტანეთიდან და სპინა ბიფიდათია (თანდაყოლილი მანკი) დაავადებული, ხშირად უწევს კლინიკაში ყოფნა. ყოველივეს გამო ის დედამისის ექიმს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ექიმს ქალისთვის შვილის გაჩენის უფლება არ უნდა მიეცა.

როგორც ირკვევა, მკურნალმა ევის დედას, ქეროლაინს, დაორსულებამდე არ უთხრა, რომ ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელად სჭირდებოდა, რის გამოც ევი აღნიშნული დაავადებით დაიბადა. ევის საჩივარი სასამართლომ ახლახანს განიხილა და პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდა.

გოგონას მტკიცებით, დედამისი პრობლემის შესახებ ექიმს რომ გაეფრთხილებინა, ქალი ბავშვის ჩასახვაზე აღარ იფიქრებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევი საერთოდ არ მოევლინებოდა ამ ქვეყანას.

ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევი თუმბსი ექიმისგან და კლინიკისგან კომპენსაციის სახით რამდენიმე მილიონს მიიღებს, თუმცა ზუსტი თანხა არ კონკრეტდება.

ქეროლაინის განცხადებით, როცა ექიმთან ვიზიტზე იყო, მან მხოლოდ ის უთხრა, რომ თუ ჯანსაღად იკვებებოდა, ფოლიუმის მჟავის მიღება აღარ იყო საჭირო: "მას რომ ეთქვა, ფოლიუმის მჟავის კურსია საჭიროო, ჯერ მკურნალობის კურსს გავივლიდი და შემდეგ ვიფიქრებდი ჩასახვაზე“, - ამბობს ქალი.

ევის ხერხემლის ნერვული დეფექტი აქვს, რის გამოც, მისი მოძრაობა შეზღუდულია და ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება შშმ პირისთვის განკუთვნილ ეტლზე.

ქეროლაინის მკურნალი ექიმი ბრალდებებს უარყოფს და ეჭვს გამოთქვამს, რომ პაციენტი, შესაძლოა, მასთან ვიზიტის დროს უკვე იყო კიდეც ფეხმძიმედ. მოსამართლემ ექიმის საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება.

მიუხედავად ყველაფრისა და უამრავი სირთულისა, რომელთან გამკლავებაც ევის უწევს, მან მოახერხა და პროფესიონალი მოჯირითე გახდა. მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირებში და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

გოგონა 2018 წელს პრინც ჰარისა და მეგან მარკლსაც შეხვდა, როცა Wellchild-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე მას "შთამაგონებელი ახალგაზრდის" ჯილდო მისცეს.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა