ვიცი, რომ, რასაც ახლა ვიტყვი, ეს საქართველოში ბევრს გაუხარდება და იფიქრებენ, რომ "ვა, ბოლო-ბოლო დაგვანებებს თავს ეს დასავლეთი და ჩვენთვის ვიქნებით, რუსი მოგვხედავს", მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრს არ გაუხარდება - დასავლეთში ძალიან ბევრს ჩვენს მეგობარს და ჩვენს გულშემატკივარს, იდეურსაც და ემოციურსაც, ხელი ჩაქნეული არ აქვს ჯერ საქართველოზე, მაგრამ ხელის ჩაქნევა როგორ ხდება? ხელი რომ ჩაიქნიო, ჯერ უნდა აწიო და მერე ჩაიქნიო, ხელი აწეულია ჩასაქნევად, რომ ამ ხალხთან ურთიერთობა სახიფათოა. არ უნდა ჩაიქნიონ, ხელში უნდა ვწვდეთ და ამას ვაკეთებთ „ლელოც“ და ძალიან ბევრი სხვა , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსი“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ლელო“ ერთგულია საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ტექსტის, რომელსაც ხელი ოპოზიციასთან ერთად „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა.
“„ლელოს“ პოზიცია არის მკაფიო და ჩამოყალიბებული, ჩვენ ვართ ერთგული იმ ტექსტის, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, ეს არის საერთო ინიცირებული ტექსტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ვართ მობილიზებული, მოტივირებული, რომ ის ტექსტი, რაც ერთად შევიტანეთ პარლამენტში და კენჭი ვუყარეთ და პირველი მოსმენით მიღებულია, იგი მივიყვანოთ ბოლომდე.
„ქართული ოცნება“ საერთოდ არ იყო მზად რაიმე ცვლილებებისთვის, მაგრამ შემდგომ გახდა მზად ამისთვის.
საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ჩაშვებულია იმავე პროპაგანდისტულ კონვეიერში, რომელშიც უამრავი სხვა სახელმწიფოებრივი თემაა ხოლმე ჩაშვებული და ამ კონვეიერს ეწირება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქმიანი შეხვედრების დროს „ქართულ ოცნებას“ განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია და ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებებს პროპაგანდისტული მიზნებით აკეთებენ.
„ხელისუფლების არანაირი შეცვლილი პოზიციის თაობაზე ჩემთვის საქმიან , ოფიციალურ ვითარებაში ცნობილი არ არის. თუ ვინმე შეეცდება, პროპაგანდისტული ხრიკებით და ჩვეულ ძიძგილაობაში თუ გადავა ეს და საჯარო თავლაფის სხმაში ერთმანეთზე, აი, მაშინ ცვლილებები ვერ იქნება მიღებული, ზოგს ნერვი უმტყუნებს, ტემპერამენტის აცდენა ექნება.
ვაგრძელებთ ამ პროცესს და თუკი დღემდე რამე მიღწეულა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სწორედ სამუშაო ვითარებაში და არა სიტყვა-პასუხში გაჯიბრებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დესტრუქციულ ტონალობაში არ უნდა აყვნენ.
„მას იმ ტონალობაში და რიტორიკაში არ უნდა ავყვეთ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში დესტრუქციულია ხოლმე, დესტრუქციას თუ დესტრუქცია აყვება, მაშინ ამ ქვეყანას საერთოდ ვერსად ვერ წავიყვანთ. პოლარიზაციის შემცირება თუ გინდა ადამიანს, მაშინ მეორე პოლუსზე რომ წარმოგიდგენია ადამიანები, მათ სათანამშრომლო ენით უნდა ესაუბრო და არა ამ დონის ქედმაღლობით და ვიღაცის იმედზე მყოფი სახელისუფლო ძალაუფლებით აღჭურვილი, სხვა პლანეტიდან მოსაუბრე და ა.შ.
ასეთი ტიპის გამოხტომების მთავარი მიზანი და ამოცანა ის აქვს, რომ ოპოზიციის მხრიდან თუ ექსპერტების მხრიდან გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია, საპასუხო თავდასხმა, მერე მიადგეს კელი დეგნანს, ჰარცელს თუ სხვას და თქვას, რომ ხედავ ისინი რას მეუბნებიან, ამიტომ „ლელო“ ამაზე მაღლა ვდგავართ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.