საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს.
"მინდა, მივმართო ყველა ექიმს და ექთანს, საერთოდ მთლიანად მედპერსონალს. დიდი მადლობა თქვენი კოვიდთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანობისთვის, გამოჩენილი წესიერებისთვის.
განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო, სამივე სამედიცინო კონსილიუმის წევრებს, პრინციპულობისთვის და ზეწოლის გაძლებისთვის.
ვამაყობ, რომ ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ახალი კლინიკების შექმნაში. ჩემი შემდეგი გეგმა იყო უმცროსი მედპერსონალისთვის ხელფასის გაორმაგება და მთელი პერსონალის გადამზადება, რათა ჩვენს ექიმებს შეძლებოდათ, ასევე, სამედიცინო ტურიზმის მიღება და ხელფასების მკვეთრი ზრდა ამის ხარჯზე.
დღეს ბევრ ექიმს და ექთანს, რამდენიმე ადგილას ერთდროულად უხდება მუშაობა. წელზე ფეხს იდგამენ, ოღონდ ოჯახები როგორმე არჩინონ. ახლა კოვიდთან დაკავშირებული 50% დანამატი მაინც აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების ხარჯზე და ესეც რომ დასრულდება, საერთოდ რა ეშველებათ, თუ ფუნდამენტალურად არ შეიცვალა სიტუაცია, მე არ ვიცი...
თუნდაც აქ, გორის ჰოსპიტალი, ჩემი გულისთვის მთლიანად დახურეს, ოღონდ თბილისში მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადავეყვანე - რის შედეგადაც, პაციენტების რაოდენობა და მედპერსონალის ნაწილის ხელფასი შემცირდა.
მე მინდა, მათ ამ მთავრობის ნაცვლად მოვუხადო ბოდიში. იმედია, ეს გაუგებრობა მალე დასრულდება!“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.