ავტორი:

"ნაცმოძრაობა“ იბრძვის იმისთვის, რომ ისტორიიდან ივანიშვილის როლი ამოიღონ - ეს არის პირდაპირი ცენზურა" - შალვა პაპუაშვილი

"ნაცმოძრაობა“ იბრძვის იმისთვის, რომ ისტორიიდან ივანიშვილის როლი ამოიღონ - ეს არის პირდაპირი ცენზურა" - შალვა პაპუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის არა თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემების ამოსაღებად, არამედ იბრძვიან იმისთვის, რომ ისტორიიდან ამ ადამიანის როლი ამოიღონ - ეს არის ბრძოლა ისტორიასთან, ეს არის პირდაპირი ცენზურა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

  • პაპუაშვილის თქმით, არსებობს სკოლის სახელმძღვანელოების გრიფირების სისტემა, როცა სახელმძღვანელოები წინასწარ ქვეყნდება და წიგნების გრიფირებამდე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს და შენიშვნები წარადგინოს. დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ წიგნზე შენიშვნები არ ყოფილა.

“არის მცდელობა იმისა, პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში და პოლიტიკოსები 21-ე საუკუნის ცენზორებად მოგვევლინონ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე ისტორიის სწავლება. საზოგადოებამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები, ამონარიდები იხილა, რაც კონტექსტს იყო მოწყვეტილი. ზოგადად, იმ თავში საუბარია უკანასკნელი წლების პოლიტიკურ ლიდერებზე. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ჟვანიაზე, ედუარდ შევარდნაძეზე. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ნაწილი, რასაც მოზარდები უნდა სწავლობდნენ. აჟიოტაჟი რასაც ვხედავთ, არის კიდევ ერთი მაგალითი 21-ე საუკუნის ცენზორებისა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.