ავტორი:

"კიდევ რამდენი მილიონი უნდა გაზიდოთ მილანში?" - ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს

"კიდევ რამდენი მილიონი უნდა გაზიდოთ მილანში?" - ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს

"წინა მერობის პერიოდში თქვენ სესხით იყიდეთ 200-ზე მეტი ავტობუსი და მოიპარეთ 60 მილიონი ლარი. თქვენ ბრაძანეთ, რომ მომავალ წელსაც აპირებთ ავტობუსების ყიდვას, ბიუჯეტის პროექტშიც ჩადებულია და მაინტერესებს, შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებთ?" - ამ შეკითხვით თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯომარემ ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა, სადაც დედაქალაქის მთავრობის დამტკიცება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მან შეკითხვები კახა კალაძეს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც დაუსვა.

"ბატონო კახი, წინა მერობის პერიოდში თქვენ ნათლიმირონ წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადაეცით. მაინტერესებს, ამ მერობის პერიოდში კიდევ რამდენი მილიონი ლარის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად თქვენს ნათლიმირონებს? ასევე, ბატონო კახი, წინა მერობის პერიოდში, თქვენ მეგობარს ბექა ოდიშარიას 200 000 ლარის ქონება გაუცვალეთ 5 მილიონ ლარში. ასევე, თქვენი კომოს ტბის ძმაკაცებს, ბარვენაშვილს, ქარაზანაშვილს, თქვენს ძამაკაცებს "ცენტრ პოინტის“ 35 მილიონიანი ქონება, ფინანსები უნდა განაკარგვინოთ და მაინტერესებს, კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა მისცეთ თქვენს ძმაკაცებს? მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო საქანელები, ბატონო კახი, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში?

ბატონო კახი, თქვენ გვპირდებოდით, რომ დიღმის ჭალებში მოეწყობოდა დიდი საქალაქო პარკი. ორჯერ ტენდერიც კი გამოაცხადეთ, მაგრამ დღეს ეს ტენდერი შეწყვეტილია და ფაქტობრივად, იქ დღეს ეკოციდი არის მოწყობილი, იმიტომ, რომ ივანიშვილის დისშვილი მოიპოვებს სამშენებლო კარიერს, ფაქტობრივად განადგურებულია ყველაფერი და მაინტერესებს, როდემდე აპირებთ ამ გამწვანების და რეკრეაციული ზონების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილის დისშვილებს, ძმისშვილებსა და ნათესავებს ფული აშოვნინოთ. ყველას კარგად გვახსოვს აფრიკაში, როგორ დაანგრიეთ საწყალი ხალხის ქოხები. მაინტერესებს, ორბელიანის მოედანი ცხრაჯერ რომ გახსენით, ბიძინა ივანიშვილის უკანონო მშენებლობა ვერ შეამჩნიეთ? როდემდე აპირებთ, გააგრძელოთ თვალების დახუჭვა ბიძინა ივანიშვილისთვის და მათი ნათესავებისთვის. და ბოლოს, ეს ელიტური სახლი, მე არ ვიცი რამდენად გეცნობათ, ეს არის ასევე ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის თუ დისშვილის კობახიძის სახლი, სადაც მამათქვენის, კარლო კალაძის კარის მეზობლები არიან. მაინტერესებს, სამართლიანია, რომ თქვენ, ამდენი კორუფციული ფაქტის და სკანდალის შემდეგ აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში? იმიტომ გინდათ ივანიშვილის გუნდი, რომ ფულები იშოვნოთ, გამდიდრდეთ და თქვენს მილიარდებსა და მილიონებს დამატებით მილიარდები და მილიონები შემატოთ“, - განაცხადა ნადირაძემ.

მას თბილისის მერმა კახა კალაძემ ასე უპასუხა:

"დაჯექი, ორიანი. ორიანი ირაკლი, დაჯექი“, - მიმართა კალაძემ ნადირაძეს.