ავტორი:

დღის ფოტო: კადრი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ონლაინ შეხვედრიდან და პრეზიდენტების მისალმება

დღის ფოტო: კადრი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ონლაინ შეხვედრიდან და პრეზიდენტების მისალმება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამჯერად ონლაინ ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს.

მხარეებმა შეხვედრის დროს სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მთავარი თემა კი უკრაინა იყო.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით, რაც „ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს“. კრემლის განცხადებით, ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გადაადგილების "სავარაუდო სახიფათო“ ხასიათს და გამოკვეთა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში.

"საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა არ უნდა გადაიტანონ რუსეთის მხრებზე, რადგან სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად და ჩვენს საზღვრებზე თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს,”- აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება ოფიციალურ ვაშინგტონს, თეთრ სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ აშშ "ღრმად არის შეშფოთებული“ უკრაინის მახლობლად რუსეთის ჯარების თავმოყრით და პირობა დადო, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ შესაძლო სამხედრო ესკალაციას.“

გარდა აღნიშნული საკითხებისა, სოციალურ ქსელებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ვიდეოკონფერენციის ამსახველმა ფოტომ, რომელიც კრემლმა გაავრცელა. ფოტოზე ორი ქვეყნის პირველი პირების მისალმებაა აღბეჭდილი - ჩანს გაღიმებული პუტინი და ბაიდენი, რომელიც ხელის აწევით ესალმება მას.