ავტორი:

რა ვაჩუქოთ ბავშვებს - 2022 წლის სადღესასწაულო საჩუქრების გზამკვლევი

რა ვაჩუქოთ ბავშვებს - 2022 წლის სადღესასწაულო საჩუქრების გზამკვლევი

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წიგნების სადღესასწაულო სეზონი გახსნილად გამოაცხადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს წიგნების ყოველკვირეულ გზამკვლევს, რომელიც საუკეთესო წიგნების და საჩუქრების შერჩევაში დაეხმარება.

საჩუქრების თემა უკვე აქტუალურია, რადგან ყველასათვის საყვარელი დღესასწაული - ახალი წელი ახლოვდება. რა უნდა აჩუქო ბავშვს, რომელსაც თითქმის ყველაფერი აქვს?.. – „პალიტრა L-ი“ ამჯერად გიდობას ყველაზე პატარა მკითხველების ჯადოსნურ სამყაროში გაგიწევთ და მშობლებს საუკეთესო საჩუქრის შერჩევაში დაეხმარება.

1. ვინი პუჰის საშობაო საგანძური

ნოსტალგიური, ბავშვებისა და მშობლების საყვარელი პერსონაჟის - ვინი პუჰის საშობაო თავგადასავალი აუცილებლად შეგიქმნით წინა საახალწლო განწყობას! ვინი ხომ სწორედ ის საყვარელი დათუნიაა, რომელიც უფროსებსაც ბავშვობის პერიოდში აბრუნებს? ალან მილნის წიგნების მიღმა, ყველას გვახსოვს მულტფილმი, ვინი პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლების შესახებ. პუჰის შესახებ ისტორიები ნათარგმნია მრავალ ენაზე. დათუნია ვინიმ თავისი სახელი, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობამ, ალან მილნის ვაჟიშვილის — კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო (გამონაკლისები არიან ბუ და კურდღელი). თავად მწერლის ვაჟიშვილი კი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. „ვინი პუჰის საშობაო საგანძური“ სწორედ ის წიგნია, რომელიც ჯადოსნური დღესასწაულის საბურველში გაგხვევთ.

2. თოვლის და - საშობაო ამბავი

ნორვეგიელი მწერლის მაია ლუნდეს ყველაზე საახალწლო წიგნი - "თოვლის და". "ჰო, შობა. მალე შობის წინა დღე დადგებოდა. წლის საუკეთესო დღე... გასაკვირი სულაც არ არის, თუ ფიქრობ, რომ შობის წინა დღე წლის საუკეთესო დღეა, თუმცა ამგვარად ფიქრისთვის მე დამატებითი მიზეზებიც მაქვს. იცი, შობის წინადღეს ჩემი დაბადების დღეა. ამიტომაც მქვია იულიანი და წელს 11-ის ვხდები. მშვენიერი მიზეზი იყო სიხარულისთვის. თუმცა მე საერთოდაც არ მიხაროდა. განვიცდიდი, რადგან არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა შობა..."

3. Disney - გაყინული II (წიგნი პაზლი)

ალბათ არ არსებობს ბავშვი, ვისაც ეს ანიმაციური ფილმი და დედოფალი ელზას პერსონაჟი არ უყვარს. ეს პერსონაჯი პოპულარული ანიმაციური ფილმიდან გახდა, თუმცა ახლა, მას თიტქმის ყველგან და ყველაფერზე შეხვდებით: ჩანთებზე, ქოლგებზე, ტანსაცმელზე, წიგნებზე, სათამაშოებში.... დედოფალი ელზას ჯადოსნური თავგადასავლები ისევ გრძელდება და თამაშის სახეს იძენს! წიგნი-პაზლით პატარები ისტორიის გაგრძელებასაც გაეცნობიან და ითამაშებენ კიდეც. პაზლი ბავშვებში მეხსიერების და წვრილი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს, ამიტომ „Disney - გაყინული II“ ნამდვილად სწორად შერჩეული, კარგი საჩუქარი იქნება!

4. საშობაო სიმღერა - ჩარლზ დიკენსი

ებენეზერ სკრუჯის საშობაო ამბის გარეშე წარმოუდგენელია შობა! ჩარლზ დიკენსის “საშობაო სიმღერა” დიდი ინგლისელი კლასიკოსის ყველაზე სახელმოხვეჭილი და მსოფლიოში საშობაო თემაზე შექმნილი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. ის გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა და საშობაო დღესასწაულის ტრადიციის ჩამოყალიბებაზე უზარმაზარი გავლენა იქონია. ესაა იგავი მონანიებასა და პატიებაზე, იმაზე, თუ სამი სულის დახმარებით, როგორ შეცვალა საკუთარი ცხოვრება და ადამიანებისადმი დამოკიდებულება ძუნწმა და კაცთმოძულე სკრუჯმა. "საშობაო სიმღერას" ანიმაციური ფილმის სახითაც შეხვდებით და ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლებსაც დგამენ, თუმცა წიგნზე უკეთესი მაინც არაფერია. დიკენსის შთამბეჭდავი საშობაო ისტორია ბავშვებს ფანტაზიას გაუხსნის და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. როგორც სანტა კლაუსის გარეშეა წარმოუდგენელი შობა, ისე ებენეზერ სკრუჯის გარეშე - შობის მისტიკური ღამე!