იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს“ იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი გააჩნია.
როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება.
ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, უცნობია, როდის შემოვა საქართველოში "ომიკრონის“ შტამი, მაგრამ ის ძალიან მალე გახდება დომინანტური.
"ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია. ასე რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა. რაც შეხეება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხევვებიც მოიმატებს და ესეც საფთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება.
გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდილად არ ყოფილა“,-განაცხადა ჩხაიძემ.
მან ის სიმპტომები დაასახელა, რაც "ომიკრონს“ ასახიათებს.
"ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმპტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“,-განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, "ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს- ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება.
"ე.წ.ბუტერ დოზის გაკეთება არის ერთ-ერთი გზა, ვინაიდან "ბუსტერის“ მიერ მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ვაქცინის პირველი ორი დოზის გაკეთების შემდგომ“,-განაცხადა ჩხაიძემ.
გარდა ამისა, მისი შეფასებით, ნიღბის ტარების წესი საქართველოში სრულიად არის უგულვებელყოფილი და ეს ეპიდვითარებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ნიღბის ტარების მაჩენებელი 22%-ზეა ჩამოსული მაშინ, როცა 70-80%-ია საჭირო.
ამასთან, მისი განმარტებით, უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ დეკემბრის ბოლომდე ეროვნული გეგმის შესაბამისად, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება.