საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარადგენს მტკიცებულებებს და მათ დასაშვებად ცნობას მოითხოვს. მიგვაჩნია, იმდენად მყარად არის აღნიშნული მტკიცებულებები, თუ დაცვის მხარეს გონივრულობა ეყოფა, აღნიშნული მტკიცებულებები უდავოდ უნდა გახადოს. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად არ შემოსულა სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველოში.
საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურად არის დადგენილი მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა, ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში",- განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.